მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

IOM საქართველომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერია

თბილისის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი ჩატარდა.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარება, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის.

მიგრაციის ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა ფორუმის ოფიციალურ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიგრაციულ პროცესებსა და ორგანიზაციისა და ადგილობრივი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით ამ პროცესების მართვაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა ავამაღლოთ ცნობიერება ქვეყანაში არსებულ მიგრაციულ პროცესებსა და მათ გავლენაზე, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან, რომ გავზარდოთ მათი შესაძლებლობები და ჩართულობა მიგრაციული პროცესების მართვის და რეგულირების მიმართულებით“, - განაცხადა მიგრაციის ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

ფორუმის ფარგლებში, გაიმართა სადისკუსიო პანელი - „მიგრაციის გავლენა ქალაქის განვითარებაზე“, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მასპინძლობდა.

პანელზე მოწვეულმა ქართველმა ექსპერტმა, ნათია ჭელიძემ ყურადღება გაამახვილა დაბრუნებულ მიგრანტთა მდგრადი რეინტეგრაციის პროცესში მუნიციპალიტეტების როლსა და ფუნქციაზე, გამოყო მთავარი გამოწვევები და რეაგირების შესაძლებლობები.

„შრომითი მიგრაციის პოტენციალის გამოყენება საჭიროებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების და კერძო სექტორის კოორდინირებულ თანამშრომლობას და კომპლექსურ მიდგომას მათი მხრიდან, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემების გაძლიერებას, დაბრუნებულ მიგრანტთა მდგრად რეინტეგრაციას და შრომითი და სასწავლო მიგრაციის პოტენციალის გათვალისწინებას განვითარების პოლიტიკის დოკუმენტებში“, - აღნიშნა ნათია ჭელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული და საერთაშორისოდ შეთანხმებული მეთოდოლოგია.

ასევე, განხილულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიგრაციის მართვის ინდიკატორების (MGI) პროცესის შესწავლის პირველადი შედეგები. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან იმართება, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (EU-UNDP M4EG), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), დანიისა და შვეიცარიის საელჩოების მხარდაჭერით.