ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით ჯინის ინდექსი შემცირებულია 2012 წლის 0.41-დან 2021 წლისთვის 0.34-მდე, რაც ფაქტობრივად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს შეესაბამება

ექსპერტი იოსებ არჩვაძე Pia.ge
1653637018
დაკოპირებულია

„საქართველო სოციალური სახელმწიფოა (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5), რის მიხედვითაც ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია: ა). მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისაკენ; ბ). მოსახლეობის სოციალური დაცვისაკენ; გ). შემოსავლებსა და კეთილდღეობაში უთანაბრობის თანდათანობითი შემცირებისაკენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი 15.6%, ხოლო აბსოლუტური სიღარიბის დონე - 41.7 პროცენტით შემცირდა .

„2012 წლის შემდეგ საქართველოში თანმიმდევრულად ხორციელდება ზემოხსენებული ამოცანები. შინამეურნეობათა შემოსავლები 2012 წელთან შედარებით 2021 წლისთვის გაიზარდა 77.7 პროცენტით, მათ შორის დაქირავებული შრომიდან - 92.0 პროცენტით, მაშინ როდესაც ინფლაციამ იმ პერიოდში 49.1 პროცენტი შეადგინა.
რეალურ განზომილებაში შინამეურნეობათა შემოსავლები 2012 წლის შემდეგ გაზრდილია 1.2-ჯერ, ხოლო ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები - თითქმის 1.3-ჯერ.

საბიუჯეტო ხარჯებში ხარჯები სოციალურ დაცვაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე 2012 წელთან შედარებით გაიზარდა 1.5-ჯერ და მეტად, გადააჭარბა რა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების ნახევარს (2012 წ. – 32%).

მკვეთრად შემცირდა უთანაბრობის კოეფიციენტი - ჯინის ინდექსი შემოსავლებისა და ხარჯების ყველა პარამეტრის მიხედვით - საშუალოდ - 15-18 პროცენტით. სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით ჯინის ინდექსი შემცირებულია 2012 წლის 0.41-დან 2021 წლისთვის 0.34-მდე, რაც ფაქტობრივად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს შეესაბამება.

უთანაბრობის შემცირება ხორციელდება არა მარტო შემოსავლებისა და ხარჯების სხვადასხვა ასპექტით, არამედ სოციალური ჯგუფების და ქალაქ-სოფლის ჭრილშიც.

2012 წლის შემდეგ ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 15.6%-ით (22.4%-დან 18.9%-მდე), ხოლო აბსოლუტური სიღარიბის დონე - 41.7 პროცენტით (30.0%-დან 17.5%-მდე).
თუ 2012 წელს აბსოლუტურ სიღარიბეში იმყოფებოდა საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები, 2012 წელს - უკვე მხოლოდ ყოველი 6-ე.
ცნობისათვის:

აბსოლუტური სიღარიბე - მოსახლეობის ერთ სულზე 1.9 აშშ დოლარზე ნაკლები სამომხმარებლო ხარჯები დღეში.შეფარდებითი სიღარიბე - მედიანური მოხმარების 60% ან 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი. მედიანური მოხმარება - მოხმარების დონე, რომელთანაც მიმართებაში მოსახლეობის ნახევარს აქვს უფრო მაღალი ფაქტობრივი მოხმარება, მეორე ნახევარს კი - უფრო დაბალი ფაქტობრივი მოხმარება“, - წერს ექსპერტი.