მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობა გვენეტაძე საერთაშორისო ფორუმზე: ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გლობალური გამოწვევაა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიება „ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის კლასტერის პოლიტიკის მაღალი რანგის დიალოგი“ (Economic and Financial Stability Cluster High Level Policy Dialogue) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის  თავმჯდომარეობით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ღონისძიება, რომელიც სების პრეზიდენტის მიმართვით გაიხსნა, CAREC-ის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე დისკუსიას დაეთმო.

კობა გვენეტაძემ, თავის გამოსვლაში, აღნიშნა, რომ სების მიერ პანდემიამდე გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების, პანდემიის დაწყების და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამო, ფინანსური სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად აგრძელებს.

კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ფინანსური სტაბილურობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გლობალურად გამოიწვია. 
 
„ბოლო წლებში განვითარებული ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გლობალურ გამოწვევად იქცა. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციები ფინანსურ სექტორს დამატებით სირთულეებს უქმნის. საქართველოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა სანქციების კომპლექსურობაა, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებისგან მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს.

საერთაშორისო სანქციების მოთხოვნათა შესრულება ტრანზაქციების დეტალურ და საფუძვლიან მონიტორინგს მოითხოვს, რაც ტრანზაქციების შეფერხებას იწვევს. თუმცა, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა იმ ქვეყნის ფინანსური სექტორის სირთულეა, რომელიც სანქციების მოთხოვნებს ასრულებს. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი თანმიმდევრული და დროული ზომები მიიღო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება დაავალა.

ამასთან, ეროვნული ბანკი, როგორც საზედამხედველო ორგანო, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს კონსულტაციასა და კონკრეტული სანქციების განმარტებას და ამით სტანდარტების დაცვას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიში 2022 წლის ივლისში გამოაქვეყნა და ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.

საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს", - აღნიშნულია ანგარიშში.

„ეს შეფასებები და ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდში მიღებული ჯილდოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტპანდემიური და გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ცხადია, საქართველოს ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
 
ამასთან, მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს გლობალურად არსებულ მზარდ ინფლაციაზე, რაც ქვეყნების ეკონომიკებზე უარყოფითად აისახება.

ამავდროულად, საუბარი შეეხო გეოპოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც მიწოდების ჯაჭვებზე ახდენს ზეგავლენას.
 
ღონისძიებას CAREC-ის წევრი ქვეყნების საფინანსო სექტორის, ფინანსთა სამინისტროების, ცენტრალური ბანკების, ფინანსური მარეგულირებელი ორგანოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.