
მარტში ლარმა გაუფასურების რეკორდი უკვე 3-ჯერ მოხსნა. ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა არც მეზობელ ქვეყნებშია. ლარის პარალელურად რუსული რუბლი და თურქული ლირაც სწრაფი ტემპით უფასურდება.
2016 წლის შემდეგ, პირველად, 1 აშშ დოლარის შესაძენად 77 რუბლია საჭირო. ბოლო 2 თვეში რუსული ეროვნული ვალუტა 24%-ით გაუფასურდა. რისი უმთავრესი მიზეზიც ნავთობზე ფასების ვარდნაა. იმავე პერიოდში 1 ბარელი ნავთობის ფასი 58%-ით $69-დან $29-მდე შემცირდა და ვარდნა ისევ გრძელდება.
9.8%-ით 5.86-დან 6.44-მდე გაუფასურდა თურქული ლირაც, რაც 2018 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე მეტია.
ჯერჯერობით, კურსის ხელოვნურად 1.69-ზე დაჭერას ახერხებს ნავთობზე კიდევ ერთი დამოკიდებული სახელმწიფო - აზერბაიჯანი, მაგრამ რამდენ ხანს შეძლებს ამას რთული სათქმელია. როდესაც 2014 წელს "შავ ოქროზე" ფასების ვარდნა დაიწყო, ბაქო რეზერვების ხარჯზე კურსს არ აგდებდა, მაგრამ 2015 წლის მარტში 1 დღეში კურსი 35%-ით, 2016 წლის იანვარში კი 49%-ით მაინც გაუფასურდა.
გაუფასურებას ვერც სომხური დრამი გადაურჩა, მისი ვარდნა 2 კვირის წინ დაიწყო და 1 აშშ დოლარის ღირებულება 478-დან 490 დრამამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ლარს, მისი ოფიციალური კურსი 3.0807-ს შეადგენს, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი 3.1500-ად ივაჭრება.