ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო

ეკონომიკის ნმინისტრი ლევან დავითაშვილი
1653676636
დაკოპირებულია

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ენერგოპროექტების მხარდაჭერის ჩარჩოს გაუმჯობესების ახალი, ფისკალურად მდგრადი  მექანიზმები ექნება, რაც ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. 

ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი პროექტები ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას გააცნო დეპუტატებს.

„მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოდამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მნიშვნელობა, ამ კუთხით სახელმწიფოს ექნება ენერგოპროექტების მხარდაჭერის ჩარჩოს გაუმჯობესების ახალი, ფისკალურად მდგრადი  მექანიზმები, რომელიც, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

შემუშავდება განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რომელსაც შევთავაზებთ კერძო ინვესტორებს, რათა განახლებად ენერგიებში მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ, გავზარდოთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება ე.წ. ფლაგმანური პროექტი - შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალი, საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი კაბელის მშენებლობას.