
"ქართული ეკონომიკა არ ჩერდება და თუ რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა ვერ დავინახეთ, საქმიანობას გავაგრძელებთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქმიანობის გასაგრძელებლად ერთადერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ყველა კომპანიამ დაიცვას თანამშრომლების მაქსიმალური უსაფრთხოება, როგორც ექიმები და ეპიდემიოლოგები მოითხოვენ - იქნება ეს თერმოსკრინინგი თუ პერიოდული დეზინფექცია.
მინისტრის განცხადებით, ამის კონტროლი მოხდება.
"ასე რომ, წარმოება, მშენებლობა და ეკონომიკური სახის სხვა საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 49 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259. გამოჯანმრთელებულია - 1.