ეკონომიკა

თურნავა: გადასახადები გადაუვადდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ

ეკონომიკის მინისტრი
1584108721
დაკოპირებულია

"ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები ოთხი თვის განმავლობაში გადაუვადდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, შეღავათი შეეხება 18 000 კომპანიას.

"ეს არის მთლიანად საქართველოს სასტუმროების და რესტორნების ინდუსტრია, ეს არის ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვა, ტურისტული ინდუსტრიის მომიჯნავე ინდუსტრია",- აღნიშნა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, გადასახადების გადავადების საკითხი სწორედ ტურიზმის ინდუსტრიის მხრიდან დაისვა.

"მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ძალიან კონსტრუქციული დიალოგისთვის ტურიზმის სექტორს. საუბარი იყო არა რაიმეს პატიებასა და შემცირებაზე, ან რაიმე განსაკუთრებულ შეღავათზე, არამედ, სექტორს აქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე თვეში ეს გამოწვევა გადალახული იქნება, შესაბამისად, მათ გვთხოვეს გადასახადების გადავადება. ეს ერთი მხრივ ტურიზმის სექტორს იმის საშუალებას აძლევს, რომ გაუმკლავდნენ ამ რთულ პერიოდს და საკმარისი რესურსი დარჩეს თავად ამ დარგში, მიმდინარე ხარჯები და ტვირთი შეუმცირდეთ და ამავდროულად მოემზადონ იმ მომენტისთვის, როცა ტურისტული ბიზნესის მაღალი განვითარების დინამიკა აღდგება", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ტურისტული ბიზნესის მაღალი განვითარების დინამიკა აღდგება.

"ეს იყო მათი თხოვნა, აბსოლუტურად კორექტულად დასმული, ვინაიდან ეს არის დროებითი გამოწვევა და ერთად ყველანი გადავლახავთ",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.