
"მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ, თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში, რასაც მოემსახურება "აირზენა" და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან ოპერატიულად იქნება ხოლმე გავრცელებული",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, "აირზენა" მთავრობის მხარდაჭერით აგრძელებს ფრენებს სხვადასხვა ევროპული ქალაქებიდან.
"ახლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩამოსვლის სურვილი აქვთ და ეს გაურთულდათ იმის გამო, რომ შემცირდა ან შეწყდა საჰაერო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანას შორის, მათ შორის, საქართველოსთან. საგარეო საქმეთა მინისტრმაც განმარტა, რომ ჩვენი საელჩოები და საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ახლა მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ ეროვნულ, ქართულ კომპანიაზე - "აირზენაზე" და მის რესურსზე. "აირზენა" მაქსიმალურად, ჩვენი მხარდაჭერით აგრძელებს ფრენებს სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან. რა თქმა უნდა, არ ვიცით როგორ შეიცვლება ეს გეოგრაფია, რადგან ეს არ არის მარტო ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი და ქვეყნების მთავრობებიც ცვლიან თავიანთ პოლიტიკას, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ თუნდაც რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში“ - განაცხადა მინისტრმა.
დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 2 კვირით შეწყდა.