მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემს დაკავებას არ ვნანობ“ - სააკაშვილის სრული ინტერვიუ უკრაინულ გამოცემასთან

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პალატაში

კლინიკა „ვივამედში“ მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემა „პრავდას“ ინტერვიუ მისცა. როგორც გამოცემა წერს, ინტერვიუ ნაწილობრივ სააკაშვილის ხელით არის დაწერილი, ნაწილობრივ კი ის მისმა მეგობრებმა დაწერეს. 

- როგორ გრძნობთ თავს? რა პირობებში იმყოფებით? გიწევენ თუ არა თქვენ სამედიცინო დახმარებას?

- მე ვიმყოფები კლინიკაში, სადაც ექიმები მაქსიმალურად მეხმარებიან მათთვის საკმაოდ რთულ პირობებში. მედპერსონალს ყოველდღე ესაუბრება უშიშროების სამსახური და ჩემთან ელემენტარული პროცედურის ჩასატარებლად  შემოსვლამდე მედდას ჩხრეკენ. და ეს დღეში 30-ჯერ ხდება. ჩემი პალატის ფანჯრები ლენტით არის დაფარული და მე მზის სხივი უკვე 7 თვეა არ მინახავს. რამდენიმე დღის წინ ჰიპერტონიული კრიზი მქონდა, მაგრამ დაცვამ რეანიმაციულ განყოფილებაში ჩემი გადაყვანის უფლება არ მისცა.

- ადრე მძიმე მეტალებით მოწამვლაზე საუბრობდით. ვისთვის იყო ეს მოგებიანი, როგორ და როდის მოხდა ეს?

- ჩემი მოწამვლა უდავოდ დაამტკიცა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში პუტინისთვის იყო მოგებიანი, რომელიც, როგორც 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას. კონტროლის ასეთი დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო.

მოწამვლა მოხდა ციხის საავადმყოფოში ჩემი იძულებით გადაყვანის დროს, სადაც მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი და, როგორც მოგვიანებით რეანიმატოლოგმა თქვა, სასწაული იყო, რომ არ მოვკვდი. ამის მიუხედავად, მოწამვლამ ძალიან მძიმე სიმპტომები დატოვა. თუ დაკავების დროს ჩემი წონა იყო დაახლოებით 120 კგ, ახლა უკვე 72 კგ-ია.

–  გეხმარებიან თუ არა დღეს დასავლელი პოლიტიკოსები? რა შეუძლიათ მათ უკეთესად გააკეთონ თქვენი გადარჩენისთვის?

- დიახ, ახლა ძალიან აქტიურები არიან. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ჩემი მოწამვლის შესახებ და ევროკომისიაც ძალზე აქტიურია. ჩემი გათავისუფლებისთვის საქართველოში რიგრიგობით გამოფრინდნენ პოლონეთის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რამდენიმე განცხადება გააკეთა. იყო განცხადებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ეს მხოლოდ დასაწყისია.

მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისი სიტყვა უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ბევრი მსოფლიო პოლიტიკოსის სიტყვა. ქართველები მას აღმერთებენ. და მეორე, ეს იყო ჰუმანიზმის უმაღლესი აქტი უკრაინისთვის ძალიან რთულ პერიოდში.

- ნანობთ თუ არა საქართველოში წასვლის გადაწყვეტილებას, რამაც გამოიწვია თქვენი დაკავება და ასეთ პირობებში ყოფნა?

- ჩემს დაკავებას არ ვნანობ, ვნანობ იმას, რომ არ ვარ უკრაინაში და არ ვარ ამ ომის აქტიური მონაწილე. მე ვიღვიძებ უკრაინასთან, ვიძინებ უკრაინასთან და ზოგადად ვარსებობ უკრაინასთან ერთად.

- თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინს თქვენს მიმართ განსაკუთრებით „ნაზი“ დამოკიდებულება აქვს, სად იგრძნობდით თავს უფრო დაცულად დღეს - უკრაინაში თუ საქართველოს ციხეში?

- საქართველოს ციხეში პუტინის პირადი პატიმარი ვარ. ციხის მცველები ხშირად მექცევიან იმაზე ცუდად, ვიდრე, მაგალითად, ლეფორტოვოში მომექცეოდნენ.

ამასთან, საქართველოში ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ძალზე დადებითად მექცევა. ამას ჩემი მშობლების, შვილების და მეგობრების მონაყოლიდან ვგრძნობ. მე არ ვეძებ უსაფრთხო ადგილს. უკრაინაში ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და თავს ძალიან ბედნიერად ვიგრძნობდი.

- უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გჯეროდათ? რამ გაგაოცათ ყველაზე მეტად ამ ომში?

- მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც მრავალი წლით ადრე ვიწინასწარმეტყველე ეს შემოჭრა, მათ შორის მისი ძირითადი მიმართულებები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ყველა წინა განცხადება. მაგრამ არ მჯეროდა, რომ კიევზე შეტევა ასეთი მცირე ძალებით განხორციელდებოდა.

დღეს უკრაინის ჯარი არის ერთ-ერთი საუკეთესო არმიაა მსოფლიო ისტორიაში, რომელმაც 300 სპარტელის გმირობა ასმაგად გაიმეორა.

პრობლემა ისაა, რომ უკრაინის მხრიდან ერის ყველაზე კარგი ფენა იბრძვის და იღუპება, ხოლო რუსეთის მხრიდან - მხოლოდ ბრბო. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ქვეყანაში ბრბოს გარდა ვინმე დარჩა.

– როცა ხედავთ, თუ როგორ ეხმარება დღეს მსოფლიო უკრაინას, არ უსვამთ საკუთარ თავს კითხვას: „სად იყვნენ ისინი 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსული ტანკები თბილისისკენ მიდიოდნენ“?

– მსოფლიომ გამოიტანა გარკვეული დასკვნები და მე ძალიან კმაყოფილი ვარ დასავლური დახმარების მოცულობით, განსაკუთრებით მომავალი წლისთვის. 2008 წელს ჩვენი სახელმწიფოც ამერიკამ გადაარჩინა. ასე რომ, პრეტენზიები ამ მხრივ არასწორია.

– რა არის მსგავსი და რა ფუნდამენტური განსხვავებაა 2022 წელს უკრაინაში და 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შორის?

- რუსეთის მზადება ომისთვის ძალიან მსგავსია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მასშტაბის თვალსაზრისით, განსხვავებული იყო.

რა მსგავსებაა? ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმაც, ასევე, შემომთავაზეს ევაკუაცია, რა თქმა უნდა, პუტინის შეთავაზებით. მაგრამ მე უარი ვთქვი, ისევე როგორც ზელენსკიმ, და გადავწყვიტე ბრძოლა. სარკოზის იგივე ფრაზა ვუთხარი, რომელიც ზელენსკიმ ევროპელ სტუმრებს შეჭრის წინა დღეს უთხრა, რომ მე არ ვაპირებ დედაქალაქის დატოვებას, თუნდაც ერთმანეთს ბოლოჯერ ვხედავდეთ.

- რატომ არის დღეს საქართველოს ასეთი ნეიტრალური პოზიცია შესაძლებელი?

- ეს არ არის ნეიტრალური პოზიცია. ასეთ ომში არ შეიძლება იყოს ნეიტრალიტეტი. ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს სერგეი კირიენკო (რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე) თუ უკვე არ არის ჩამოსული, ის არის ამ ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებს. რუსი ჩინოვნიკები და პროპაგანდისტები გამუდმებით აქებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მე ვყავარ ციხეში. საქართველო ოფიციალურად ამოიღეს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიიდან, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ნახევარი შედის...

საქართველოში ოფიციალურად მოქმედებს რუსული პროპაგანდისტული არხები, მათ შორის ქართულ ენაზე.

საქართველოს ხელისუფლებას არც ერთხელ არ უთქვამს, რომ გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, თუმცა მუდმივად დამცინავი ტონით საუბრობს უკრაინასა და მის ხელისუფლებაზე. ასე რომ, აქ ნეიტრალიტეტის მსგავსი არაფერია.

საქართველოს ხელისუფლება არა მარტო ზელენსკის ადანაშაულებს, რომ მან თითქოს ჩემი გამოგზავნით სპეცოპერაცია ჩაატარა, რომ ომი გამეჩაღებინა, მაგრამ ბოლო დროს ისინი ასევე შეერთებულ შტატებსაც ადანაშაულებენ, რაც ვექტორს საკმაოდ ნათლად აჩვენებს.

და რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში, პრეზიდენტის სასახლის წინ გახსნილ საშობაო სოფელს ოფიციალურად „რუსული სოფელი“ უწოდა?

- რატომ არ აქვთ ქართველებს პროტესტი რუსეთიდან გამოქცეული პირების მიმართ, ვინც მობილიზაციას თავი აარიდა?

- ქართველებისთვის მიუღებელია რუსი ლტოლვილების ეს მოზღვავებული ნაკადი, ამას ისიც ემატება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსოფობიური განცხადებებისა და ქმედებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებაც კი დააპირა.

განსაკუთრებით ის ახალგაზრდობა, რომელმაც ჩემი დახმარებით ინგლისური ისწავლა და მე გავათავისუფლე რუსულის სწავლის ვალდებულებისაგან, ღიად გამოხატავს ანტაგონიზმს რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების მიმართ.

- უკრაინიდან საქართველოში რომ არ წასულიყავით და 2022 წლის თებერვალში აგრესიის დაწყების დროს კიევში რომ ყოფილიყავით, რას გააკეთებდით ახლა? როგორ ხედავთ თქვენს მონაწილეობას ამ ომში?

- პირველ რიგში, ვიქნებოდი პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, რომელსაც ჩერჩილის შემდგომ პერიოდში ყველაზე გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ მიმაჩნია. მასთან შედარებით რეიგანი და ტეტჩერი გვერდით დგანან და ნერვიულად ეწევიან სიგარეტს. ამავდროულად, მოვივლიდი მთელ მსოფლიოს, გამოვიყენებდი ჩემს კავშირებს უკრაინის მხარდაჭერის მობილიზებისთვის.

და კიდე, მუდმივად წავიდოდი ფრონტის ხაზზე, დავეხმარებოდი როგორც უკრაინელ, ისე ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა ჩაწერეს კოლექტიური მიმართვა, რომლითაც დაბადების დღე მომილოცეს. მე ერთი წამითაც არ მავიწყდება ის ფაქტი, რომ მათგან 35-ის სიცოცხლე უკვე შეიწირა ამ ომმა, მათ შორის შვიდის - ბახმუტის ფრონტზე. და ბევრი ჩემი უკრაინელი მეგობარი დაიღუპა ან დაიჭრა.

ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და პატიოსანი ადამიანი, რომელსაც ვიცნობ, ჩემი თანაშემწე ვლადიმირ ჩავრიგი ხერსონთან დაიღუპა. ჩემი ერთადერთი პირადი მცველი და უბრალოდ მეგობარი, მიშა ბატურინი, ბახმუტთან მძიმედ დაიჭრა. უკრაინა და ჩვენ ყველანი ამ ფასს ვიხდით.

მე თვითონ საკუთარ თავს 100% უკრაინელად მივიჩნევ და ასე არასოდეს მიამაყია ამით, როგორც ახლა ვამაყობ.

- ინარჩუნებთ თუ არა დღეს კონტაქტებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან? თუ კი, ვისთან?

- პრეზიდენტის აპარატთან მუდმივი ურთიერთობა მაქვს, რომელიც, ვფიქრობ, სუპერეფექტურად მუშაობს. მინისტრებთან მიხაილ ფიოდოროვთან, ალექსანდრე კუბრაკოვთან, „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელთან ალექსეი ჩერნიშოვთან, უმაღლესი რადას დეპუტატებთან, ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელთან, დავით არახამიასთან.

და საერთოდ, ზელენსკის ახლა იდეალური war cabinet ჰყავს, რომელსაც ერმაკი ხელმძღვანელობს.

- როგორ დასრულდება ეს ომი უკრაინისა და საქართველოსთვის? რა იქნება რუსეთისთვის წაგება და უკრაინისთვის გამარჯვება?

- ომი რუსეთის სრული დამარცხებით და ქვეყნის დაშლით დასრულდება. გამარჯვების კონკრეტული პარამეტრები კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა. თუ უკრაინის გამარჯვებას მოვესწარი, (მჯერა, რამდენიმე თვეში), ოდესაში დაბრუნება მინდა - რომ დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე ჩემს მეგობრებს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 ეს წელი იყო სრული დეგრადაციის, რბილი ძალით რუსეთს საქართველო უკვე ოკუპირებული ჰყავს - გია ხუხაშვილი

📣 რუსებმა თბილისში სექს-შოპი გახსნეს

📣 ნიკანორ მელია მოიკითხეთ მისმა „თავგამოდებულმა დამცველებმა“ - თაკო ჩარკვიანი

📣 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება - ცარიელი სიტყვებია - შამბა

📣 ჩინეთი მზად არის იყოს რუსეთის გლობალური პარტნიორი - სი ძინპინი