მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენ კარგა ხანია სიფრთხილეს ლაჩრობა დავარქვით, გონიერებას მოღალატეობა და უპასუხისმგებლობას - პატრიოტიზმი - დავით მაღრაძე

პოეტი დავით მაღრაძე Pia.ge

„მგონი, უკრაინის პრეზიდენტი უფრო მშვიდად არის, ვიდრე ქართველი­ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ზელენსკი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი შეტევას აპირებს, ჩვენი პოლიტიკოსები კი ძალიან არიან მოწადინებული, საქართველო თავ-ფეხიანად გადაეშვას ამ საკითხში“, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

დავით მაღრაძე ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან პროცესებზე საუბრობს.

- უპირველესად მინდა ქართველ საზოგადოებას მივულოცო, რომ წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანიის ნაპირზე, 30 მეტრის დაშორებით, ოთხი ათასი კვადრატული მეტრი გადმოგვეცა საკუთრებაში ქართული კულტურის კერის ასაშენებლად. თუმცა, რამდენიც უნდა იყოს, მაინც მნიშვნელოვანია, რადგან წმინდა მიწაზე ერთი მტკავლის ფლობაც დიდი წყალობაა. მით უფრო, იმიტომაც, რომ საუკუნეების განმავლობაში იქ ყველა ჩვენს ეკლესია-მონასტრებზე მფლობელობა დაკარგული გვქონდა. საკულტო ნაგებობის გარდა, ისინი დიდი სულიერების კულტურის კერები იყო. დღეს, როდესაც გარეჯის მონასტრის საქმეც სადავო გაგვიხდა და ვინც გაასხვისა, ტაშს უკრავენ, ეს გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვანია. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ელჩს იორდანიაში ზაზა კანდელაკს და მთელ საელჩოს. ვიცი, რამხელა ძალისხმევა და შრომა დასჭირდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანას. რაც შეეხება უკრაინის შესახებ ქართველი საზოგადოების, საზოგადოდ, ქვეყნის პოზიციას - ჩვენში კარგა­ ხანია სიფრთხილეს ლაჩრობა დავარქვით, გონიერებას მოღალატეობა და უპასუხისმგებლობას - პატრიოტიზმი. ოცდაათ წელზე მეტია ამ წრეზე ვტრიალებთ. ამდენი ხანია ერთსა და იმავე შეცდომას ვიმეორებთ, ვინაიდან ინფორმირებულობა განათლებაში ვერ გადავზარდეთ, შესაბამისად, ვერც ქარტეხილი გადავიდა გამოცდილებაში.

ამ სამი ათეული წლის განმავლობაში ვერანაირი დასკვნა ვერ გავაკეთეთ. ვფიქრობ, ხელისუფლებას აღმოაჩნდა გონიერება და მივიღეთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც, რასაკვირველია, თავად უკრაინე­ლებზე მეტად ქართველებს­ არ მოეწონათ, მაგრამ მთავარია, ჩვენი საგარეო ვექტორი არ შევცვ­ალეთ. ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ და უკრაინასაც მკაფიოდ ვუთხარით, რომ მის გვერდით ვართ. სხვა მხრივ, იმას, რომ რუსეთ-ამერიკის ბრძოლაში გარდატეხას ვერ შევიტანთ, მგონი,­ დიდი დაკვირვება არ უნდა. ვინც რუკის წაკითხვა არ იცის, გლობუსს მაინც დახედოს. რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების გარდა, ამ ვითარებაში იკითხება ჩინეთის პოზიციაც, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის ავანსცენაზე აშკარად არ ჩანს. თავისუფლება თავშეუკავებლობას კი არა, საკუთარი თავის ფლობას, ცნობას ნიშნავს­, სადაც ადამიანის უფლებებთან ერთად, მოვალეობებიც არსებობს. ვინ რის მიღწევას­ ცდილობს, იმის გახსნა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ჩვენი სამშობლოს ინტერესის გათვალისწინებაა უპირველესი.

- საზოგადოება მეგობარი ქვეყნისთვის მხარდაჭერის აშკარად გამოხატვას ითხოვდა.

- დიახ და მიიღო პარლამენტმა რეზოლუცია. მგონი, უკრაინის პრეზიდენტი უფრო მშვიდად არის, ვიდრე ქართველი­ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ზელენსკი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი შეტევას აპირებს, ჩვენი პოლიტიკოსები კი ძალიან არიან მოწადინებული, საქართველო თავ-ფეხიანად გადაეშვას ამ საკითხში. რა გამოდის, ქართველ პოლიტიკოსებს უფრო აწუხებთ უკრაინის ბედი, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტსა და მის გუნდს?..

შესაძლოა ადამიანს პირადი სიმამაცე შვენოდეს, მაგრამ სამშობლოს ხარჯზე სიმამაცე შლეგობა უფროა, ვიდრე სიმამაცე. ხშირ შემთხვევაში, უზნეობაც. როდესაც ადამიანი სტადიონზე ეროვნულ დროშაშემოხვეული თავისი ქვეყნის ნაკრებს გულშემატკივრობს, ძალზე ემოციური, მაგრამ მიტინგზე საფრთხის მომტანია...

- რუსეთის მიზანი აშკარაა, ის ცდილობს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გავლენა აღიდგინოს. არ მიგაჩნიათ, რომ ეს საფრთხე ემუქრება საქართველოსა და უკრაინასაც?

- რასაკვირველია, საფრთხე არსებობს და წლებია ამ რეალობაში ვცხოვრობთ.­ რუსეთი ყველა მხრიდან და ყველა ფორმით აქტიურობს. ხომ ვხედავთ რაც ბო­ლო დღეებში ხდება­ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრი­სხევთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზ­ზე. ადამიანებს გაყოფილ სახლებში უწევთ ცხოვრება, რაც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა. საქართველოს მოსაზღვრე და მეზობელი ქვეყნის ზრახვები საკუთარ ტყავზე გვაქვს ნაწვნევი, მაგრამ საბჭოთა კავშირის აღდგენა ასე მარტივი არაა, თუმცა პუტინი სამყაროს, მათ შორის ამერიკას, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, ახალ რეალობას სთავაზობს. ეტყობა, ჰგონია, რომ ამისგან რაღაცას გამოადნობს. მარჩიელობას ვერ დავიწყებ, არც პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება შემიძლია, მაგრამ აშკარაა, რომ როგორც რუსეთი, ასევე ამერიკაც არ აპირებს დათმობას, წერილებსაც არ ასაჯაროებენ. როდესაც მიმოწერასაც არ გაცნობენ, დასკვნების გაკეთება რთულია, მაგრამ ვისურვებ, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცული იყოს და საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, განვითარების შესაძლებლობა მიეცეს. ამიტომ ვამბობ, რომ გონიერება და სიფრთხილე აუცილებელია. როდესაც რისკზე წასვლა იქნება საჭირო, უნდა წავიდეთ, მაგრამ არა გაშლეგებული პათეტიკით.

კომენტარების მიხედვით, ამერიკაც, ნატოც და დასავლეთიც მკაფიოდ ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ. ჩვენ მათზე მეტი ძალა არა გვაქვს და ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ზედმეტი ხტუნაობით ვითარება უფრო არ გავამწვავოთ. ქართველებმა სულ ისტერიკაც რომ დავიმართოთ და უკრაინის საზღვარზე დავდგეთ, ეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე დადებითად ვერ აისახება. თავად მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას სიმშვიდისკენ, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად ვღელავთ. როდესაც საფრთხე რეალურია, კივილი და ისტერიკა კი არა, გონიერებაა საჭირო და ვფიქრობ, ჩვენმა სახელმწიფომ ეს იმაში გამოხატა, რომ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. ამის იქით საქართველოს, სამწუხაროდ, არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთი გამოიწვიოს და დაამარცხოს. „ნაცმოძრაობის“ აღქმით, ერთხელ უკვე „დავამარც­ხეთ“ აგვისტ­ოს ომში. აღარ მინდა იგივე მოხდეს, დამარცხებული­ ომი რომ იზეიმეს თავისუფლების მოედანზე. პირადად მე, როდესაც ასობით ადამიანის სიცოცხლეს და მიწა-წყალს ვკარგავთ, კი არ ვზეიმობ, ვჭირისუფლობ მათ, იმათგან განსხვავებით, ვინც თავის­უფლების მოედანზე იდგა. აღარ გვინდა იგივე მოხდეს! ამიტომ არის საჭირო ზომიერება. ამისკენ მოგვიწოდებს ყველა.

საერთაშორისო მხარდაჭერა აშკარად დეკლარირებულია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამყაროში გაბატონებულია არაჯანსაღი ტენდენციები - ომზე არანაკლებია, როდესაც სამყაროში ღირებულებითი კრიზისია გამეფებული. ქართველ საზოგადოებას გონიერება მართებს, რომ ღირებულებითი სისტემა შეინარჩუნოს. ტრადიციები,­ რომელიც ჩვენთვის ცეცხლის გადაცემაა და არა ფერფლის თაყვანისცემა, პროგრესის მუხრუჭია. არადა, ტრადიცია არის ის უძვირფასესი რამ, რაზედაც კაცობრიობა დგას. ღირებულებათა სისტემის გარეშე, ჩვენთვის არსებობა აზრს კარგავს. ახლა ძალიან მოდურია უპატივცემულობა ყველაფრისა და ყველას მიმართ... მე არ მწამს იმ ხალხის, ვინც გაყვირის, რომ სამშობლო უყვარს, მაგრამ არ უახლოვდება მას. მიახლოებაში ვგულისხმობ იმას, რომ სამშობლოს მოყვარულ ადამიანებს წაკითხული ექნებოდათ მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, თამარ ჯოლოგუას „დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება“, თუ როგორ ემსახურა საქართველოს ეს რაინდი, როგორ აღესრულა სამშობლოსთვის; სოლომონ დოდაშვილის ცხოვრების დეტალები, რომელზეც შემდეგ ილია ჭავჭავაძემ­ თქვა, ჩვენ დროშა სწორედ დოდაშვილისგან გვერგოო. მათ არ ეტყობათ, რომ თავიანთი ქვეყნის, ერის კულტურა და ისტორია იციან და გააზრებული აქვთ.

მათი საუბრიდან და ისტერიკული ვნებებიდან გამომდინარე, მათ ქმედებებში არ იკითხება,­ რომ ეს ნაკვლევი და განცდილი აქვთ. მხოლოდ იმ ადამიანებს არ ვგულისხმობ, ვინც პოლიტიკური პროცესის ზედაპირზეა, არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობას, მთლიანად პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობაზე მაქვს საუბარი. ყველაფერზე ხმაურის ატეხის მოთხოვნა არ არის საზოგადოებაში. ეს სჭირდებათ მათ, ვინც ისტორიული შემთხვევითობით მოვიდა ხელისუფლების სათავეში და იმდენად გაუტკბათ, რომ ძალაუფლების გარეშე ყოფნა ამდენი წლის შემდეგაც ვერც წარმოუდგენიათ. ეს იმიტომ, რომ სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანები არიან. ასე რომ არ იყოს, ეს იმდენად მძიმე ტვირთია, ჯერ დაფიქრდებოდა ადამიანი, შეუძლია თუ არა მისი ტარება. თუმცა, როდესაც პასუხისმგებლობა არ არსებობს, ყველაფრის მონდომება ადვილია. ეს ისტერიკა მხოლოდ ამით არის გამოწვეული - მათი ცხოვრება ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე აზრს კარგავს. მათ სამშობლოს მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ. ხელისუფლებაში ყოფნა სურთ, ასე რეალიზდებიან.

ახლა თავიანთი ლიდერის წერილებით ერთობიან. მეტი თუ არაფერი აინტერესებთ, იკითხონ, საზეპიროები მოხაზონ და ჩააბარონ, შემდეგ შთამომავლობას შემოუნახონ და ძალიან განსწავლული ადამიანები იქნებიან, ვინაიდან მათთვის ამ სამყაროში იმაზე საინტერესო საკითხავი რაღა იქნება. მე მათ რეპრესიულ რეჟიმს მაშინ დავუპირისპირდი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლა მათი ბელადი არავის აინტერესებს. გაშმაგებული პათეტიკა მათი ხელწერაა, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მათი რეალური სახე - პათეტიკოსები არც აფხაზეთის ომში წავიდნენ და არც შვილები გაგზავნეს. არც მათი ბელადისთვის მოუკრავს თვალი ვინმეს იმ ომში... ვინც ჭკუით ქართველებოო, იძახდა, დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის ყველა შვილი რუსი სამხედროების პირისპირ იდგა. ერთ-ერთი, ირაკლი, ვეღარ დაბრუნდა. ბევრი კი საკუთარ და ოჯახის უსაფრთხოებას გაუფრთხილდა. ასეთები უმეტეს შემთხვევაში სხვის ხარჯზე მამაცობენ, მაგრამ სხვისი შვილების გასაწირავად მუდამ მზად არიან.

ავტორი: ლალი პაპასკირი