მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მინიმალური ფასი ნავთობპროდუქტებზე იქნება 3 ლარზე მეტი, საუბარია უახლოეს პერიოდზე, უახლოეს თვეებზე“ - ვასო ურუშაძე

სამოქალაქო პლატფორმა 2020

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირებას განაგრძობს. პარალელურად კი, ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდება საქართველოშიც. რა იწვევს საწვავის ფასის გაზრდას და როგორია სამომავლო პროგნოზი - ამ საკითხებთან დაკავშირებით, PIA.ge სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის თავმჯდომარეს, ვასო ურუშაძეს ესაუბრა.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირებას განაგრძობს. საქართველოში კი, თითქმის ყოველდღიურად, იზრდება საწვავის ფასი. როგორ ფიქრობთ, რა არის საწვავის ფასის რეგულარული ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები?

- ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი არის მზარდი და ეს ტენდენცია შეუქცევადია, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მაგრამ ის, რაც ხდება საქართველოში, ეს არის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის ლარის გაუფასურება, დოლართან მიმართებით, რადგან ნავთობპროდუქტების 99,9 % არის იმპორტირებული. შესაბამისად, იმპორტი ხორციელდება არა ეროვნულ, არამედ საერთაშორისო ვალუტაში.

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი კი არის ძალიან მაღალი აქციზი, რომელიც 2016 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააორმაგა დიზელსა და ბენზინზე და შემდეგ უკვე თხევად და ბუნებრივ აირებზე, რაც ამ საერთო ფასწარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ამას ასევე ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), რომელიც, ჯამიდან გამომდინარე, 18 %-ით ზრდის თითოეული პროდუქტის ღირებულებას. იმ ფასიდან, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს მოცემული, 70-80 თეთრი არის სახელმწიფო მოსაკრებლების წილი.

მსოფლიო ბაზრებზე, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიისა და შეზღუდვების გამო, ნავთობპროდუქტებზე ფასი შემცირდა. თუმცა, როგორც კი შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, საწვავის ფასი ისევ გაიზარდა. როგორ ფიქრობთ, როგორი ბმაა პანდემიასა და საწვავის ფასებს შორის?

- ეს იყო ერთჯერადი მოვლენა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასი მკვეთრად შემცირდა. ეს განაპირობა მსოფლიო ლოქდაუნმა, რის გამოც უცებ შემცირდა მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე.

ამან გამოიწვია ძალიან დიდი რაოდენობით ნედლი ნავთობის რეზერვუარებში დაყოვნება და განთავსება, რასაც მოჰყვა ნავთობის მოპოვებისა და წარმოების ჯაჭვის წყვეტა. დიდი პერიოდულობით სასაწყობე მეურნეობის გამოყენება, ხარჯების ზრდასთან იყო დაკავშირებული, რეალიზაციის შემცირების პერიოდში. ამან დაარღვია მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი ნავთობპროდუქტებისა და ნავთობის ბაზარზე.

გარკვეული პერიოდის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა. ნავთობზე ფასის ზრდის ტენდენცია, რომელიც გვაქვს ბოლო 10-15 წელია, ისევ ნარჩუნდება და ეს ტენდენცია ნებისმიერ შემთვევაში იქნება მზარდი, ყველა საერთაშორისო ანალიტიკა და კვლევა ამას ადასტურებს.

როგორია თქვენი პროგნოზი სამომავლოდ, რა ტენდენცია შენარჩუნდება ჩვენს ქვეყანაში?

თუ ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვალა და არ გატარდა კონკრეტული პრევენციული ხასიათის ღონისძიებები, სავარაუდოდ, მინიმალური ფასი საშუალო ნავთობპროდუქტებზე იქნება 3 ლარზე მეტი. საუბარია უახლოეს პერიოდზე, უახლოეს თვეებზე.

კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ. ხელისუფლება უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ მოიზიდოს მსხვილი უცხოური ინვესტიციები, რაც გამოიწვევს ეროვნული ვალუტის გამყარებას - ეს არის უფრო გრძელვადიანი ამოცანა, რომლითაც ყოველდღიურად უნდა იყოს დაკავებული საქართველოს მთავრობა.

მეორე, ესაა სააქციზო გადასახადი, რომელიც მინიმუმ გარკვეული საშეღავათო პერიოდით მაინც უნდა განახევრდეს. ეს შეიძლება იყოს 1 ან 2 წელი.

ზოგადად, აქციზის გადასახადი არის ძალიან მაღალი და ის მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს, თუმცა თუ ამაზე არ მიდის ხელისუფლება, საბიუჯეტო ვალდებულებებიდან გამომდინარე, მინიმუმ ეკონომიკური კრიზისს პერიოდში მაინც, უნდა განახევრდეს, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს თითოეულ მომხმარებელსა და იმ კომპანიებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო გადაზიდვითა და დისტრიბუციით არიან დაკავებულნი.

აგრეთვე იხილეთ:

🔶რატომ ძვირდება საწვავი? - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადება