მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობა ნიშანია იმის, რომ მომავალ წლებშიც იქნება ასეთივე წარმატება, როგორიც არის ამ ერთი წლის განმავლობაში“ - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ერთწლიან საქმიანობას აფასებს. მისი თქმით, ღარიბაშვილს გამოწვევებით სავსე ვითარებაში მოუწია პრემიერობა, თუმცა, მან ამ გამოწვევებს თავი წარმატებულად გაართვა. მაჭარაშვილმა kvira.ge-სთან იმ ოთხ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს 2021 წლის თებერვალში დახვდა.

გახარიას გადადგომა და დამაზიანებელი ნაბიჯი პარტიისთვის, ნიკა მელიას დაკავება, პანდემია და ვაქცინაცია, ეკონომიკური კრიზისი - მაჭარაშვილის თქმით, ეს ის მთავარი პრობლემებია, რომლებსაც მთავრობის მეთაური უნდა გამკლავებოდა. როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ღარიბაშვილმა მალევე შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, რაც პრობლემების დასაძლევად მთავარია.

- ბატონო გურამ, ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველო მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში იყო. ასეთ ვითარებაში ჩაიბარა ღარიბაშვილმა ქვეყანა. რა მდგომარეობაა ახლა, როგორ გაუმკლავდა ღარიბაშვილი მთავარ გამოწვევებს?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოწვევებით სავსე პერიოდში მოუწია პრემიერმინისტრობა. ერთი მხრივ, სამწუხაროდ, წინა პრემიერის არასწორი გადადგმული ნაბიჯი გადადგომასთან დაკავშირებით, რამაც გამიწვია ბევრი გაუგებრობა გუნდში, მათ შორის, საზოგადოებაში, ეს გამოწვევა იყო. მეორე მხრივ, ასევე, იყო გამოწვევა სახელმწიფოს წინაშე მელიას და მისი მომხრეების ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და ქმედებები კანონის არ დამორჩილებასთან დაკავშირებით. იყო პანდემიის პერიოდი, ვაქცინაციის არ არსებობა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამის ფონზე იყო საქართველოში ეკონომიკური კრიზისი, როგორც ეს იყო მსოფლიოში. ასე რომ, ამ მიმართულებებით გამოწვევები დახვდა ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა, მყისიერად მოხდა, რამდენიმე დღეში მელიას და მისი მხარდამჭერების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე ადეკვატური პასუხის გაცემა სახელმწიფოს მხრიდან. მიიღო ის, რაც მიიღო.

პრაქტიკულად, კალაპოტში ჩადგა სახელმწიფოს პრესტიჟი. გუნდის შიგნით სწრაფად მოახდინა კონსოლიდაცია, რამაც მას საშუალება მისცა, პანდემიასთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებთან და ინსტიტუტებთან ეწარმოებინა მოლაპარაკება და ვაქცინაცია. სულ რამდენიმე კვირაში იქნა შესაძლებელი, რომ შემოსულიყო ქვეყანაში და დაწყებულიყო ვაქცინაციის პროცესი. რამაც საზოგადოებას ჩაუსახა იმედი. ამის ფონზე, მალევე, დაახლოებით 1-2 თვეში, საიმედო ეკონომიკური მაჩვენებლებიც გაჩნდა. ქვეყანაში, როდესაც იმედი არსებობს და ეკონომიკური საქმიანობაც ამოძრავდა, ეკონომიკური მაჩვენებლებიც საკმაოდ პოზიტიურად გამოიკვეთა. გაზაფხულიდან ეკონომიკურმა მაჩვენებელმა აშკარა ზრდა დაიწყო. ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა ვაქცინაციის გავრცელების მიმართულებით. ასევე, შეზღუდვების ადეკვატური მოხსნის პროცესი დაეხმარა ეკონომიკურ განვითარებას. ამ ყველაფერმა პოზიტიური როლი ითამაშა სახელმწიფოს მშენებლობაში. ამას მოჰყვა ზაფხულში საქართველოს შუამავლის როლი ამიერკავკასიაში მეზობელ სახელმწიფოებს შორის. ასევე, საგარეო კურსის ძალიან პრინციპული განვითარება. 1 წლის თავზე, ის 4 გამოწვევა, რაც თავში გითხარით, პრაქტიკულად არის გადალახული. თუმცა, ჩვენ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ ამ ყველაფრით და მისი პრემიერობა ნიშანია იმის, რომ მომავალ ყოველ ერთ წელიწადში იქნება ასეთივე წარმატება, როგორიც არის ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც ის არის პრემიერი.

- ბატონო გურამ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურად იყო ჩართული. მან მოიარა 63 მუნიციპალიტეტი და პირადად ეცნობოდა მოსახლეობის საჭიროებებს. პარტიის გამარჯვებაში ამ ყველაფერმა თავისი როლი შეასრულა?

- რა თქმა უნდა, წინა საარჩევნო პერიოდში პარტიის ლიდერის რეგიონებში ჩასვლა, გადაადგილება, საუბარი მოსახლეობასთან, უშუალოდ პრობლემების გაცნობა, კანდიდატების გაცნობა და ასე შემდგომ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საზოგადოებას სჭირდება ცოცხალი ურთიერთობა. როგორი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“  საზოგადოება, გარდა ტელევიზიიდან გაკეთებული განცხადებისა, მათ სჭირდებათ ცოცხალი ურთიერთობები. პრემიერის უშუალო ჩართულობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც ითამაშა სერიოზული როლი 2021 წლის არჩევნების გამარჯვებაში.

- ასევე, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც პრემიერმა გააჟღერა. რამდენად დაეხმარება პრემიერის ინიციატივები საზოგადოებას, როგორ შეაფასებდით?

- დეკემბერში იყო გაჟღერებული ფარმაცევტულ ბაზარზე. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ფარმაცევტულ ბაზარზე შესაბამისი კონკურენცია, რომ ფასების რეგულაცია მოხდეს. ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. იცით, რომ თურქეთის სახელმწიფოსთან და კომპანიებთან არის მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში იქნება ხელშესახები ეს შეღავათი საზოგადოებისთვის. მეორე ის, რომ სოციალურად დაუცველთა სტატუსი იყო პრობლემა და გამოწვევა, რადგან მოთხოვნა არის ბევრი და დასაკმაყოფილებელი ფინანსები არის ცოტა. ამიტომ პრემიერის ინიციატივით, აქამდეც იყო და მან კიდევ უფრო მეტად გაზარდა ის შეღავათი, რომ თუ ოთხი წლის განმავლობაში დაიწყებს ადამიანი მუშაობას, მას არ მოეხსნება სტატუსი. ადამიანს შიში აღარ ექნება, თუ სამსახურს დაიწყებს მოკლევადიანი არ აღმოჩნდეს და არ გაუუქმდეს სოციალური სტატუსი, ეს შიში მოიხსნება, რაც, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს მიიყვანს იმ აზრამდე, რომ თვითონ აღარ მოუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსის ქონა, როდესაც ჩაერთვებიან იმ დასაქმების პროცესში, რომელიც პრემიერის ინიციატივით დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ამაში ძალიან ბევრი კომპანია მიიღებს მონაწილეობას და ეს იქნება საერთო, ძალიან დიდი, მასშტაბური პროცესში, რომელიც ბევრ შეღავათს მისცემს იმ ადამიანებს, ვინც არის სოციალური სტატუსის მქონე, თუმცა შოვნისუნარიანია და შეძლებს, რომ ოჯახი არჩინოს ყოველგვარი სოციალური დახმარების გარეშე.

- ღარიბაშვილის ინიციატივაა, ასევე, დევნილების ბინებით უზრუნველყოფისა და სესხების სუბსიდირება. ესეც, რა თქმა უნდა, ხალხისთვის დიდი შეღავათია...

- დევნილთა მიმართულებით ბინებით დაკმაყოფილების პროცესი გაუმჯობესდა. ასევე, ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში იპოთეკით დატვირთული ქონების დაკარგვის გამო იყვნენ დაზარალებულები, მართალია ეს მათი კერძო ურთიერთობების შედეგია, თუმცა, სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში პრემიერის კოორდინაციით და ხელმძღვანელობით თავის თავზე აიღო საზოგადოების ამ ნაწილის გამოწვევები და შესაბამის კომპანიებთან ურთიერთობებით სულ რამდენიმე ხანში გადაწყდება მათი პრობლემებიც. კიდევ ვიმეორებ, რომ იპოთეკური სესხები იყო მოქალაქეების ნებით აღებული, თუმცა, ამ შემთხვევაში, მომატებული პასუხისმგებლობის ფარგლებში პრემიერმა ეს პროგრამა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანიები უზრუნველყოფენ იმას, რომ ეს ადამიანები უსახლკაროდ არ დარჩნენ და პრობლემას გაუმკლავდნენ, დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება. ასე რომ, ეს ორივე მიმართულება, რა თქმა უნდა, იქნება ერთგვარი შეხიდება ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ შემთხვევაში, საქართველოს, როგორც ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას რეგიონში, ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს და მნიშვნელოვანია თითოეული გამოწვევა გადაიტანოს.

- მისი ინიციატივით დაიწყო, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების მასშტაბური პროექტი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს და რა შეღავათს გაუწევს ფერმერებს?

- დიახ, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც საკმაოდ დიდი შეღავათები იყო აქამდეც. მათ შორის ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით და ახლა ეს ახალი ინიციატივა და პროგრამა ნიშნავს იმას, რომ იმ ფერმერებს, ეს იქნებიან საშუალო თუ მცირე ფერმერები, ექნებათ შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს დახმარებით ტექნიკის შეძენის, მათ შორი, შეღავათიანი სესხების აღების შემთხვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებიც დამოკიდებული არიან სოფლის მეურნეობაზე და აქედან მიღებულ შემოსავლებზე. ტექნიკის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თავიანთ კომპანიაში, ოჯახში, ან კოოპერატივში და ხელმისაწვდომობა იქნება ის შესაძლებლობა, რომლის შედეგადაც ეს ადამიანების გაიუმჯობესებენ იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც აქვთ დღეს.