მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კრიზისის ფონზე აიღო მთავრობის მეთაურის სადავეები, გაიზარდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, მნიშვნელოვნად დასწია შიდა პოლიტიკური კრიზისის ტემპერატურა“ - ანალიტიკოსი ირაკლი ღარიბაშვილის 1 წლიანი პრემიერობის პერიოდსა და მიღწევებზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე Pia.ge

გასული წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას მოულოდნელად გადადგომის შემდეგ მმართველმა პარტიამ საზოგადოებას გუნდის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის მეთაურობის ახალი კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ჩაბარება და მისი ხელმძღვანელობა საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია. მწვავე პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიციის ბოიკოტი, ბრალდებები, პანდემიის გამო გაჩერებული ეკონომიკა, სამსახურს გარეშე დარჩენილი ადამიანები... ეს იმ მცირე გამოწვევების ჩამონათვალია, რაც მთავრობაში მოსვლისთანავე პრემიერ ღარიბაშვილს დახვდა.

ღარიბაშვილის მიერ კრიზისულ მომენტში მთავრობის ჩაბარება, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება, ამ კუთხით ოპოზიციის დაპირისპირებას და მისი გაპრემიერებიდან ერთი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები - ამ საკითხებთან დაკავშირებით „ახალი თაობა“ ანალიტიკოსს, ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძეს ესაუბრა.

- ბატონო გია ირაკლი ღარიბაშვილს მოგეხსენებათ 2021 წლის თებერვალში საკმაოდ რთულ და სპონტანურ ვითარებაში მოუწია მთავრობის ჩაბარება. იყო პოლიტიკური კრიზისი, გახარიამ მოულოდნელად დატოვა პოსტი, ოპოზიციის ბრალდებები, ბოიკოტი, ბევრი არაერთი სირთულე იყო... რა დახვდა ღარიბაშვილს ? რისი გაკეთება მოუწია და რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა, როცა მართვის სადავეები აიღო ხელთ?

- ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ერთწლიანი პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი და ეფექტიანი აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ მან რთული პოლიტიკური კრიზისის ფონზე აიღო მთავრობის მეთაურის სადავეები, მან მალევე მოახერხა მრავალი პრობლემის მოგვარება და მრავალი გამოწვევის მოწესრიგების სწრაფი პროცესის დაწყება.  გიორგი გახარიას უპასუხისმგებლო გადადგომის შემდეგ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ფონი იყო.

- ამ დროს ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო...

- დიახ, დესტრუქციული ოპოზიცია საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდა და ზუსტად ამ დროს ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა. მან კანონი აღასრულა, რასაც ჰქვია დამნაშავე ნიკა მელიას დაკავება, რომელიც აბსოლუტურად უპრობლემოდ მოხდა და ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. ღარიბაშვილმა და მმართველმა გუნდმა დასავლელი დიპლომატების ჩართულობით მოაგვარეს ეს პოლიტიკური კრიზისი და რადიკალური ოპოზიცია ბოლოს და ბოლოს შევიდა პარლამენტში. ბუნებრივია, ქვეყანაში იყო და არის მძიმე სურათი გასაგებ მიზეზებთა გამო, მაგრამ ღარიბაშვილის პრემიერობიდან 2021 წლის მარტიდან ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა, წლის ბოლოს 10%-ზე მეტი ზრდა მივიღეთ, რაც უპრეცედენტოა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში.

ღარიბაშვილმა, ასევე, შეძლო ის, რომ როდესაც ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი იყო, მან უშუალო მოლაპარაკებებით როგორც ფაიზერის, ასევე, ჯანმოს ხელმძღვანელობასთან  ქვეყანაში შემოეტანა სხვადასხვა სახის ხუთი მილიონი ვაქცინა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევა იყო იმ ფონზე, როდესაც იმ პერიოდში ბევრ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი იყო.  ვაქცინების შემოტანასთან ერთად ღარიბაშვილმა შეძლო და დაიწყო უპრეცედენტო სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განხორციელება, იქნება ეს შემწეობების გაზრდა, სამხედრო მოსამსახურეთა პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსება, შეჭირვებული ოჯახებისთვის იპოთეკური შეღავათიანი სესხები... ჩამონათვალი უსაშველოა, იმდენად ბევრი რამ გააკეთა. ღარიბაშვილი ის პირველი პრემიერია, რომელმაც უმწვავესი პრობლემების მოგვარებაზე უკვე დაიწყო მუშაობა.

- ონლაინ თამაშებს და ფარმაცევტულ თამაშებს გულისხმობთ?

- დიახ, ვგულისხმობ ონლაინ თამაშების რეგულაციას, ფარმაცევტულ ბაზარს, რაც მთავარია სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის დასაქმების პროგრამების შემოღებას, ასევე, რაც უმნიშვნელოვანესია 10 წლიანი განვითარების გეგმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბური დაფინანსება და მრავალი სხვა...

- ამ 1 წლიანი პრემიერობის მანძილზე  ირაკლი ღარიბაშვილის მიღწევებიდან რას გამოყოფთ ? რას მიიჩნევთ მის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას? რა არის ის მთავარი კოზირი, რაც მან თავისი მიღწევით დაიჭირა?

- გამოვყოფდი სამ საკითხს. პირველი - შიდა პოლიტიკური კრიზისის ტემპერატურის მნიშვნელოვნად დაგდება, მეორე - ეს არის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მძლავრი ბიძგის მიცემა და მესამე - საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი მიღწევების მიღება.

- ბატონო გია თქვენ საერთაშორისო ასპარეზი ახსენეთ ამ თვალსაზრისით ირაკლი ღარიბაშვილის როლზე ვისაუბროთ...

- საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო პირველი, რომელმაც აშშ-სთან უშუალო ჩართულობით მოაგვარა ის, რომ ტყვეები აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველომ მედიაციის ერთგვარი ხიდი შეასრულა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც ბაქოსა და ერევანში საკმაოდ დაფასებულია, ისევე როგორც დასავლეთში.

ვიტყოდი, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში კომპანია „როდშილდთან“ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში შეიქმნება ფინანსური ჰაბები, გონიოსა და თბილისში.

ასე რომ ღარიბაშვილის ნაყოფიერი და ფორსირებული საქმიანობა იყო ძალიან მრავალი მიმართულებით წარმართული ამ 1 წლის განმავლობაში.

- 2022 წელს წინა წელთან შედარებით ეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ქვეყანას მნიშვნელოვანი ზრდა აქვს, შემცირებულია საგარეო ვალი, გამყარდა ლარის კურსი...

- კი ბატონო, ლარის კურსი არ უნდა დაგვავიწყდეს. თუ შარშან დოლარის კურსი იყო, დაახლოებით 3.8, ახლა უკვე 3-ს ქვემოთ ჩამოვიდა.  ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა.  ასევე, საკმაოდ დიდი მიღწევა არის ის, რომ კოლოსალური საბიუჯეტო შემოსავლები იყო სახელმწიფო ხაზინაში და საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად გაიზარდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ღარიბაშვილმა როგორც თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და დღესაც აგრძელებს ჯარისთვის, თავდაცვის ძალებისთვის როგორც სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ასევე, ინფრასტრუქტურის რადიკალურ ცვლილებას პოზიტივისკენ. მინდა, გამოვყო ჯარის ქალაქის შექმნა, როდესაც სამხედროებს გადაეცემათ უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით ბინები.  ამ ყველაფერთან ერთად გავაგრძელოთ პოლიტიკური თემა და ვთქვათ ის, რომ ღარიბაშვილის პირდაპირი ფუნქცია არ იყო როგორც პრემიერ-მინისტრის, ადგილობრივ არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მან 63 მუნიციპალიტეტი მოიარა, მოსახლეობას წარუდგინა შინაარსიანი და რეალისტური პროგრამები. სწორედ ამ რეალისტური პროგრამების საფუძველზე „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

- პანდემიას, რომელსაც ჯერ კიდევ არ უჩანს დასასრული, მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ ეს ომია და ამ ომში ყველა ვდგავართ ვირუსის პირისპირ. იმ გამოწვევების დაძლევის მიუხედავად რაც თქვენ ისაუბრეთ, ამ საკითხშიც ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ისმის პრემიერ ღარიბაშვილის მისამართით კრიტიკა...

- პრემიერს დიდი ხანია აკრიტიკებენ, ისევე როგორც მმართველი გუნდის წამყვან ფიგურებს ოპოზიციის მხრიდან. ეს ახალი არ არის. ღარიბაშვილზე ათასგვარ ბინძურ ჭორებს იგონებენ, მიმდინარეობს აღვირახსნილი ცილისწამება მის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ლანძღვა ნიშნავს იმას, რომ საქმე კეთდება.

რაც შეეხება პანდემიის მართვას, ჯანდაცვის შესაბამისი სტრუქტურები მოქმედებენ იმ პროტოკოლით, რაც არის გაწერილი ჯანმოს მიერ და რაც არის წამყვან დასავლურ ქვეყნებში. მთავარი, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პლუსად ითვლება ამ საქმეში, არის ის, რომ მან უშუალო აქტიური მონაწილეობით ძალიან მცირე ხანში ქვეყანაში შემოიტანა ოთხნაირი ვაქცინა. ის თავად ჩაერთო ვაქცინაციის კამპანიაში, აიცრა ორჯერ. ანტივაქსერი დაარქვა იმ ადამიანს, რომელიც ორჯერ აცრილია, ეს ისეთი სისულელეა, როგორც ვთქვათ ცხელი თოვლი. ვირუსი ვერაგია და მას გაცილებით მდიდარ ქვეყნებშიც ვერ უმკლავდებიან, მაგრამ ის რომ ღარიბაშვილის პრემიერობის მართვის პარალელურად გაიხსნა ეკონომიკა, ტურიზმი, შედარებითი შვება იგრძნო, არ ვამბობ მაქსიმალურს... მან დამატებითი ბიძგი მისცა სამშენებლო სექტორის განვითარებას. ვფიქრობ, ტენდენცია საკმაოდ დადებითი და იმედის მომცემია. რაც მთავარია, ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს საკმაოდ ერთგული გუნდი და „ქართული ოცნება“ როგორც არასდროს ისე არის შედუღაბებული, მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარი მითქმა-მოთქმა გრძელდება, ეს არის სასოწარკვეთილ რადიკალთა ოცნებები, მაგრამ რეალობაში მმართველი გუნდი არის ძალიან შეკავშირებული და შედუღაბებული.