მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინს საქართველო-უკრაინასთან მიმართებით სტრატეგია არ აქვს, რუსეთი მკაფიოდ არ ამბობს რას ელის საქართველოსგან - ფილიპ ამონის ინტერვიუ 

გერმანელი ექსპერტი

„უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში რუსეთის შეჭრის შიში რჩება. ამავე დროს, თბილისმა მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. რა არის მიზეზი და და როგორ შეიცვალა ქართველების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ - აღნიშნულ საკითხებზე პოლიტიკური ექსპერტი ფილიპ ამონი „დოიჩე ველეს“ ესაუბრა.

ბატონო ამონ ივნისის ბოლოს უკრაინამ, სადაც რუსეთი სრულმასშტაბიანად შეიჭრა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. იმავდროულად, საქართველოს, რომლის რეფორმები ბევრად უფრო მოწინავე ეტაპზეა, უარი ეთქვა ამ სტატუსზე. რატომ?

➖  მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთგვარი საჩუქარი უკრაინა-მოლდოვისთვის. ამ ორ ქვეყანას საქართველომ რეფორმების კუთხით მნიშვნელოვნად გაუსწრო. გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო. გამართლებულია კრიტიკა, რომ კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ძლიერი და რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს. 

შესაძლებელია თუ არა წარმოვიდგინოთ სცენარი, რომ საქართველო ევროპისგან განაწყენებულად გრძნობს თავს. საქართველო რუსეთთან დაახლოებას დაიწყებს? რას გრძნობენ ქართველები მოსკოვის მიმართ 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით? 

➖ პრობლემა ის არის, რომ რუსული არმია დღეს საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგას და რუსეთთან დაახლოების დიდი ენთუზიაზმი არ არის ქართველებში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება თავშეკავებულად იქცევა, შიშობს, რომ მათ ქვეყანაშიც შეიძლება ომი დაიწყოს. 

2008 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასავლელი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერა არც ისე ძლიერია. ამიტომ ქართველები უფრო ფრთხილები გახდნენ, მიხვდნენ, რომ კონფლიქტის შემთხვევაში მათ დასახმარებლად საკუთარ ჯარს არავინ გაუგზავნის. 

საქართველოში რუსეთის ფედერაციის შესაძლო შეჭრა რეალურ საფრთხედ აღიქმება? 

➖ თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ღია კონფლიქტში შესვლას გაბედავს, მაშინ ძალთა ბალანსი მის სასარგებლოდ არ იქნება. ამ კონფლიქტში თბილისს სამხედრო დახმარებას არავინ გაუწევს, ჯარებს არავინ გაუგზავნის. ამავდროულად, თუ საქართველო თავშეკავებულად მოიქცევა, რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაცია მაინც გაგრძელდება. 

ასე რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დასავლეთსა და რუსეთს შორის მანევრირებას, რათა თავიდან აიცილოს ცუდი სცენარი. ამავდროულად, საქართველოს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, რათა რუსეთის წონა ქვეყანაში მნიშვნელოვანი არ იყოს. 

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ 2008 წელს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფსონს დებდა, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში ნატო საქართველოს დაეხმარებოდა, მაგრამ არასწორად გათვალა... 

➖ კი, შემდეგ სააკაშვილი ხაფანგში გაება. 2005 წლამდე ჩანდა, რომ რუსეთი და საქართველო შეთანხმების მიღწევას შეძლებდნენ. ვარდების რევოლუციის დროს ხელისუფლების გადაცემაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმაც, რომელმაც ბავშვობა საქართველოში გაატარა. ზურაბ ჟვანია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2005 წლის თებერვლამდე იკავებდა, თავისი პოლიტიკა ძალიან ოსტატურად და გაწონასწორებულად წარმართა. სააკაშვილს კი მშფოთვარე ტემპერამენტი ჰქონდა.

და მაინც, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მკაცრი სანქციების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი მათ მხარდაჭერას არ ჩქარობს. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძლიერების შიშით შესაძლოა, ეს ავხსნათ? 

➖  საქართველო ეკონომიკურად ძალიან არის რუსეთზე დამოკიდებული. ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა სამხედრო ფაქტორი, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა. ისრაელიც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს... როდესაც ჯარები დგანან თქვენი ქვეყნის საზღვართან ან თქვენს ქვეყანაში, მაშინ თქვენ სხვა პოლიტიკის გატარებას იწყებთ. 

პრობლემა ის არის, რომ რუსეთი მკაფიოდ არ ამბობს რას ელის ის საქართველოსგან. ეჭვი მაქვს, რომ რუსეთს უბრალოდ არ აქვს გარკვეული მიზნები და სტრატეგიები არც საქართველოსთან და არც უკრაინასთან მიმართებით. კრემლი გარემოებების მიხედვით მოქმედებს. ახლა ბევრი საუბრობს პუტინიზმზე და მასთან დაკავშირებულ იდეოლოგიაზე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს უფრო უმიზნო საქმიანობაა. 

პუტინის პოლიტიკას ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია აქვს და ფაქტობრივად მისი გადაწყვეტილებების უმეტესობა სიტუაციურია. რა თქმა უნდა, პუტინის მიზანია იმპერიის აღდგენა, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ ოცნებებია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა თავის თავს დაუსახა მოეხდინა ქვეყნის მოდერნიზაცია, თუმცა უკრაინაში შეჭრით, ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს. პუტინის ქმედებების გამო რუსეთი ხდება ჩინეთის ნედლეულის ბაზა.