მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ორმოში იმყოფება, საიდანაც გამოსვლა შეიძლება მომავალ თაობებსაც კი გაუჭირდეთ - რუსი პოლიტოლოგი

ვლადიმერ გელმანი და ვლადიმერ პუტინი

2022 წელს რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ომი უკრაინასთან, ქვეყანაში, სამხედრო ცენზურა დააწესა, გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და მიიღო ახალი, კიდევ უფრო რეპრესიული კანონები. ასობით პოლიტიკური საქმეა აღძრული, ასობით ათასი ვებგვერდი დაბლოკილია. როგორ შეცვალა ომმა პუტინის რეჟიმი? როგორ ფასს გადაიხდის რუსეთი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ? და არსებობს თუ არა იმის იმედი, რომ პუტინი სამუდამოდ არ არის მოსული? ამის შესახებ „მედუზა“ რუს პოლიტოლოგს ვლადიმერ გელმანს ესაუბრა.

- რუსეთი ჯერ კიდევ ომის პირველ დღეებში საინფორმაციო ავტოკრატიიდან დაშინების ავტოკრატიაზე გადავიდა. რას ფიქრობთ ამის შესახებ? რუსეთის რეჟიმის დინამიკა როგორია, თქვენი აზრით?

-  მე რეჟიმის ვერანაირ დინამიკას ვერ ვხედავ, ამას უფრო დინამიკის დაუშვებლობის მცდელობას დავარქმევდი. ანუ ძირეულად არაფერი შეცვლილა. ის, რასაც პოლიტოლოგები გურიევი და ტრეისმანი უწოდებდნენ ინფორმაციულ ავტოკრატიას, იყო დროებითი გადახრა, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინფორმაციული მანიპულირება და მასთან დაკავშირებული ტექნიკა რუსეთის ხელისუფლების მიერ დომინირების შესანარჩუნებლად უფრო ეფექტურ ტაქტიკად განიხილებოდა. ვფიქრობ, ამ ტაქტიკის შეცვლა 24 თებერვლამდე დიდი ხნით ადრე მოხდა.

- როდის?

- ეს ასე არ ყოფილა, რომ ერთ დილას პუტინი ცუდ ფეხზე ადგა და გადაწყვიტა, უარი ეთქვა საინფორმაციო ავტოკრატიაზე. ვფიქრობ, ამ ტაქტიკიდან გადახვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც პუტინი 2012 წელს კვლავ პრეზიდენტი გახდა. მაგრამ ეს მოხდა ნელა და თანდათანობით. რასაც ახლა ვხედავთ რუსეთში, არის კლასიკური პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც თავისი ძირითადი პარამეტრებით, ზოგადად, დიდად არ განსხვავდება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრისთვის დამახასიათებელი ამ ტიპის მრავალი რეჟიმისგან.

- წლის დასაწყისიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე რუსეთში პოლიტიკური მიზეზებით 20 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და მოსახლეობაში ფართოდ არის გავრცელებული კიდევ უფრო დიდი მასშტაბური რეპრესიების შიში. როგორ ფიქრობთ, გამართლებულია ეს შიში?

- მასობრივი რეპრესიები - ეს სხვა კატეგორიაა. თუ სტალინურ  რეპრესიებზე ვსაუბრობთ, მაშინ მილიონობით ადამიანი გულაგში მოხვდა. კამბოჯაში, მასობრივი რეპრესიების დროს, განადგურდა ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს არა მასობრივი რეპრესიებია, არამედ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოების მნიშვნელოვანი ნაწილის დაშინებაა შესაძლო რეპრესიებით. უნდა ითქვას, რომ კრემლის ეს სტრატეგია თავის თავს ამართლებს, რადგან ჩვენ არ ვხედავთ რაიმე სერიოზულ მასობრივ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება.

გარკვეული ხნის წინ მობილიზაციაზე ვისაუბრეთ და რომ მის წინააღმდეგ პროტესტი ძალზე უმნიშვნელოა და ადგილობრივი ხასიათისაა. რასაკვირველია, მოვლენების ასეთი განვითარება შეუძლებელი იქნებოდა, თუ ხელისუფლება მკვეთრად არ ასწევდა საპროტესტო აქციებში არასანქცირებული მონაწილეობის ზღვარს. და ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოების უმეტესობა, ან წავიდა რუსეთიდან, ან დარჩა, მაგრამ ცდილობს, რომ ჩუმად იყოს და თავი არ გამოყოს. ამ თვალსაზრისით, ეს სტრატეგია, რომელსაც ჩემს ერთ-ერთ სტატიაში „შიშის პოლიტიკა“ ვუწოდე, კრემლის აზრით, საერთო ჯამში, წარმატებული აღმოჩნდა.

- იქნება თუ არა ამ მდგომარეობის კიდევ უფრო გამკაცრება?

- ეს დამოკიდებული იმაზე, თუ რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება რუსეთი ომისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო. თუ სიტუაცია გაუარესდა და მოსალოდნელი იქნება პროტესტი, ისინი რეპრესიებს გაამკაცრებენ.

- გასული წლის განმავლობაში, ძალიან პოპულარული გახდა რუსეთის რეჟიმის შედარება ფაშიზმთან ან პირდაპირ მისთვის „ფაშისტურის“ წოდება. არსებობს თუ არა რუსეთის რეჟიმის ტოტალიტარიზმში ტრანსფორმაციის რისკები?

- დღევანდელ რუსეთში სახეზეა პერსონალისტური ავტორიტარიზმის კლასიკური ნიშნები. მიუხედავად მრავალი პროპაგანდისტული მცდელობისა, ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინურ კამპანიებს. მაგალითად ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლის მცდელობები, რომლებიც დღევანდელ რუსეთში ბევრად უფრო მოკრძალებულია, ვიდრე საბჭოთა კავშირში სტალინის დროს ხდებოდა.

ანუ, ჩვენ ვერ ვხედავთ ძალიან ბევრ მახასიათებელს, რომელიც შეინიშნებოდა მე-20 საუკუნის ოცდაათიანი და ორმოცდაათიანი წლების საბჭოთა რეჟიმის დროს. ჯერ ერთი, შესაძლებელია თუ არა პრინციპში მოვლენების ასეთი განვითარება და მეორეც, სჭირდება თუ არა ეს რუსეთის ხელისუფლებას.

რაც მთავარია, საბჭოთა კავშირში არსებობდა ერთიანი მმართველობის იერარქია, რომლის ცენტრში იყო კომუნისტური პარტია კოლექტიური ხელმძღვანელობით. ის იყო საბჭოთა საზოგადოების წამყვანი ძალა, პარტიული აპარატი ასრულებდა კონტროლის ცენტრის ფუნქციას. დღეს ჩვენ არ ვამჩნევთ მსგავს რამეს, პარტიული რეჟიმები არ ტრანსფორმირდება პერსონალისტურ რეჟიმებში - პირიქით, პარტიული რეჟიმები შეიძლება გადაიზარდოს პერსონალისტურ რეჟიმებად (როგორც ეს რუმინეთში ნიკოლაე ჩაუშესკუს დროს მოხდა).

- გახდა თუ არა რუსეთის რეჟიმი უფრო პერსონალისტური 2022 წელს, ანუ ახლა უფრო მეტი პირადად ვლადიმირ პუტინზეა დამოკიდებული, ვიდრე ადრე?

- ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ უფრო მეტი რამ პირადად ვლადიმირ პუტინზე იყო დამოკიდებული. ეს ყველაფერი არ შეცვლილა მხოლოდ 24 თებერვლის დილას. თუ გადავხედავთ პუტინის მმართველობას მისი პირველი ორი ვადის განმავლობაში, დავინახავთ, რომ მას მრავალი შეზღუდვა ჰქონდა, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური. პუტინი 2000-იან წლებში იძულებული იყო გაეთვალისწინებინა ეკონომიკური აქტორების, მათ შორის ოლიგარქების და სამოქალაქო ბიუროკრატიის, ასევე, რეგიონალური ლიდერების აზრი. ამიტომ პუტინმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვადის ლიმიტის მოხსნა ვერ გაბედა, არამედ გადაწყვიტა პრეზიდენტი მისი ერთგული მემკვიდრე დიმიტრი მედვედევი გამხდარიყო.

პუტინის საპრეზიდენტო თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ეს შეზღუდვები ნელ-ნელა უქმდებოდა - როგორც ინსტიტუციური ცვლილებების, ისე კრემლის პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად. ამ ტიპის ბოლო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2020 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ყველა ფუნდამენტური გადაწყვეტილება პუტინთან არის მიბმული და მის ქმედებებს არ ემუქრება რაიმე სერიოზული შიდაპოლიტიკური შეზღუდვა. ეს არის ევოლუციის შედეგი, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს.

- თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ მთავრობაში შემავალ ჯგუფებზე, რომლებიც კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. რა ბედი ეწია ამ კონკურენციას 2022 წელს? შეიძლება თუ არა ძალოვნების საბოლოო გამარჯვებაზე საუბარი?

- მე არ ვიტყოდი, რომ არსებობს ძალოვნების ერთიანი და შეკრული ჯგუფი. ბუნებრივია, არის სრულიად განსხვავებული კლანები, რომლებიც იბრძვიან ძალაუფლებისა და გავლენის სფეროებისთვის. რეალურად, ამას ვხედავთ, ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისა და ისეთი ადამიანების დაპირისპირებაში, როგორებიც არიან ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც უცხოური კომპანიები რუსეთიდან წავიდნენ, გარკვეულმა ჯგუფებმა მოგებიანი აქტივები მიიღეს, ახლა ისინი ძალისხმევას მიმართავენ ამ აქტივების შესანარჩუნებლად.

თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების გაზრდა - ასევე ძალიან გემრიელი ლუკმაა. ასე რომ, ეს ბრძოლა გრძელდება. რამდენად გამწვავდება - ისევ და ისევ ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი პრობლემა წარმოიქმნება იქ, მით უფრო მაღალია კონფლიქტების რისკი. ბოლო დროს ხშირად ვიგებთ, რომ ესა თუ ის ბიზნესმენი ფანჯრიდან გადმოვარდა, რაღაცა სხვა ხდება – ესეც „გვერდითი მოვლენებია“ - ბრძოლა ფულისთვის და ძალაუფლებისთვის.

- და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს გავლენისა და ფულისთვის ბრძოლის ამ გააქტიურებას ხელისუფლების ხარისხის კუთხით?

- არსებობს გამოჩენილი სოციოლოგისა და ისტორიკოსის, ჩარლზ ტილის ძალიან ცნობილი ფრაზა, რომელიც აანალიზებდა ევროპაში სახელმწიფოების ფორმირებას თანამედროვე დროში, „«War made the state» („ომმა შექმნა სახელმწიფო“). ეს ნიშნავს, რომ სამხედრო კონფლიქტები მნიშვნელოვანი სტიმულია სახელმწიფოს მშენებლობისთვის. თქვენ უნდა შექმნათ ეფექტური საგადასახადო სისტემა, რეგულარული შეიარაღებული ძალები, უნდა იზრუნოთ ადამიანურ პოტენციალზე, არმია და განსაკუთრებით საზღვაო ფლოტი მოითხოვს კომპეტენტურ სამხედრო პერსონალს: თქვენ უნდა განავითაროთ განათლება, სამხედრო მედიცინა და ასე შემდეგ.

ტილი სახელმწიფოს მშენებლობას სამხედრო კონფლიქტების გვერდით მოვლენად განიხილავდა. თუ შენს ქვეყანას ცუდად მართავ, თუ არაფერს გააკეთებ, სამხედრო დამარცხებას განიცდი და, შენზე უფრო განვითარებული მეზობლები დაგიპყრობენ, ასევე დაკარგავ საერთაშორისო გავლენას. მრავალი საუკუნის მანძილზე ევროპული სახელმწიფოები ასე ვითარდებოდნენ.

მაგრამ რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა აშკარად არ ჯდება ტილის ამ ლოგიკაში, რადგან იმისთვის, რომ საერთაშორისო კონფლიქტები გახდეს სახელმწიფოს მშენებლობის მამოძრავებელი ძალა, საჭიროა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ - პოლიტიკური ელიტების შეცვლა, როდესაც მოდიან უფრო ეფექტური ლიდერები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მათმა ქვეყნებმა არ წააგონ ომები და არ გაქრნენ მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან. რუსეთში კი ყველა მიმდინარე ქმედება მიზნად ისახავს ხელისუფლებაში ერთი და იგივე ხალხის დარჩენას და საშინაო პოლიტიკური სტატუს-კვოს შეძლებისდაგვარად დაფიქსირებას. ეს სიტუაცია  არ უწყობს ხელს იმ ფაქტს, რომ ფულისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა, შემცირდება. მე მგონი - პირიქით.

ჩარლზ ტილის ლოგიკა უფრო მეტად უკრაინას უხდება, რომელიც, სხვათა შორის, 2022 წლამდე რუსეთზე უკეთ არ იმართებოდა. საერთაშორისო რეიტინგებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ უკრაინაში სახელმწიფო მმართველობის ხარისხი არ იყო უკეთესი, ზოგიერთ შემთხვევაში კი უარესიც იყო, ვიდრე რუსეთში.

მაგრამ უკრაინაში ელიტების რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მეორეც, ის ბევრწილად არის საერთაშორისო გავლენის ქვეშ, რაც არა მხოლოდ საომარ მოქმედებებთან არის დაკავშირებული, არამედ იმასთან, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე პრეტენზიას აცხადებს. შესაბამისად, ევროკავშირი აყენებს გარკვეულ მოთხოვნებს, რომლებიც დიდად არ განსხვავდება ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ წამოყენებული მოთხოვნებისგან: აუცილებელია კანონმდებლობის, მრავალი პროცედურისა და წესის შეცვლა. და უკრაინის ხელისუფლება იძულებულია ეს  გააკეთოს.

- როგორც ჩანს, ახლა, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სულ უფრო და უფრო გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსეთში უღირსი მმართველობა განსაზღვრულია მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მისი შეცვლის გზა არ არსებობს. შესაბამისად, ასეთ სახელმწიფოსთან არასოდეს შეიძლება საქმის დაჭერა, ის ან უნდა გაქრეს, როგორც საბჭოთა კავშირი, ან დაიპყრონ სხვა, უფრო ეფექტურმა სახელმწიფოებმა. რას ფიქრობთ ამაზე?

- ძალზე ბევრი ქვეყანა წარსულში ცუდად იმართებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა სახელმწიფო მმართველობის უკეთესობისკენ შეცვლა. ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილებები უკეთესობისკენ ხდება მომენტალურად ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით, ეს გრძელი პროცესია. თუ დავბრუნდებით რამდენიმე ათწლეულით უკან  და შევხედავთ, თუ როგორ იმართებოდა, მაგალითად, სამხრეთ კორეა ლი სინ მანის დროს, დაინახავთ, რომ საჯარო ადმინისტრაციის ხარისხი, თუნდაც იმდროინდელი სტანდარტებით, ძალზე დაბალი იყო. თუმცა, ცვლილებების რამდენიმე ტალღის წყალობით, როგორც სამხრეთ კორეამ, ისე დასავლეთის ბევრმა სხვა ქვეყანამ დროთა განმავლობაში რეალურად გააუმჯობესა თავიანთი მმართველობის ხარისხი. ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იყო, მაგრამ მაინც მოხდა.

წარმოიდგინეთ რომელიმე დამკვირვებელი, რომელიც უყურებს სამხრეთ კორეას ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, ხელი ჩაიქნია მასზე და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა უფრო წარმატებული და ეფექტურია, ამიტომ სამხრეთ კორეა ჯობია „დავიკიდოთ". მოდით იქ კომუნისტები მოვიდნენ სათავეში და დაამყარონ საკუთარი წესრიგი. მაგრამ ეს არ მოხდა. დღეს კი ჩვენ ვხედავთ საკმაოდ განვითარებულ ქვეყანას, რომელიც საჯარო მმართველობის მაღალ ხარისხს აჩვენებს.

მეჩვენება, რომ ასეთი დეტერმინიზმი აშკარად არასწორია, სხვა საქმეა, რომ სახელმწიფო მმართველობის განვითარებას უფრო შორეულ პერსპექტივაში უნდა შევხედოთ. პოსტსაბჭოთა პერიოდის რუსულ გამოცდილებასაც რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ვლადიმერ პუტინი პირველად მოვიდა ხელისუფლებაში, ის მხარს უჭერდა რეფორმებს, რომლებიც მიმართული იყო სახელმწიფო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაზე. და იმან, რაც მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გაკეთდა, ობიექტურად განაპირობა რუსული მაჩვენებლების ზრდა ყველა ამ საერთაშორისო რეიტინგში - გაუმჯობესდა სახელმწიფო რეგულირებისა და კორუფციის კონტროლის ხარისხი. სხვა საქმეა, რომ ეს რეფორმები არასრული აღმოჩნდა, მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა და საბოლოოდ ის გააჩერეს.

პრინციპში იგივე შეგვიძლია ვთქვათ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. სახელმწიფოს ხარისხის ამაღლება რთული პროცესია,  ეს არის სამუშაო, რომელიც დიდ და ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ თუ სხვა ქვეყნებმა როგორღაც გაართვეს თავი ამ საქმეს, რატომ უნდა მივიჩნიოთ, რომ რუსეთი ისეთი უსარგებლო ქვეყანაა, რომელსაც არაფრის უნარი არ შესწევს? ანუ რუსები არ არიან სხვა ქვეყნების მცხოვრებლებზე უკეთესები, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ბევრად უარესები არიან.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ დღევანდელ რუსეთში ხედავთ უღირსი მმართველობის, თუ არა დაძლევის, მაშინ მისი შეზღუდვის პოტენციალს. კონკრეტულად რას უნდა გულისხმობდეს ეს პრაქტიკაში?

- აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება და სერიოზული ცვლილებები რუსეთის პოლიტიკურ კლასში. უფრო მეტიც, ეს ცვლილებები ამ შემთხვევაში უნდა იყოს არა მხოლოდ პერსონალური, არამედ უფრო სტრუქტურული. მარტივად რომ ვთქვათ, მათ, ვინც დღეს ზრდასრული ასაკის პოლიტიკოსია, სამუდამოდ მოუწევს პოლიტიკური ასპარეზის დატოვება, ისინი უნდა ჩაანაცვლონ უფრო თანამედროვე და განათლებულმა ადამიანებმა. ეს პირობა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, რომ ზოგიერთ თაღლითს და ქურდს სხვებით ჩავანაცვლებთ, რაც კონტრპროდუქტიული იქნება.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია  მსოფლიოში რუსეთზე, როგორც გლობალური ზესახელმწიფოზე, მაღალი მნიშვნელობის ცნებებზე უარის თქმა. მესმის, რომ ეს ახლა ბევრისთვის ძალიან მტკივნეულად და უსიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის ადგილი თანამედროვე სამყაროში, თუ საბოლოო პერიფერიაზე არ არის, მაშინ მასთან ძალიან ახლოსაა. სამწუხაროდ, 24 თებერვლის შემდეგ რუსეთმა ასეთი ადგილი სერიოზულად და დიდი ხნით დაიკავა.

ჩვენ მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ უკეთესობისკენ შესაცვლელად მოგვიწევს სახელმწიფო სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა. ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია, ბევრი ქვეყანა უარს ამბობს საკუთარ სუვერენიტეტზე. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნები თავიანთი სუვერენიტეტის ნაწილს ბრიუსელს გადასცემენ. მათ ეს არ მოსწონთ, მაგრამ ესმით, რომ მათთვის ეს სიტუაცია უფრო მოგებიანია.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ რუსეთს მოუწევს თავისი სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა?

- მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პირობების  ან რუსეთის მიმართ „კოლექტიური დასავლეთის“ მოთხოვნების შესრულება.

ზოგადად, მოგვიწევს თამაშის წესების მიღება, რომელსაც აწესებს ცნობილი „კოლექტიური დასავლეთი“. უნდა შეიცვალოს როგორც კანონმდებლობა, ასევე სამართალწარმოებითი პრაქტიკა და ეს უნდა გაკეთდეს რეალურად [და არა ქაღალდზე]. დიახ, ბევრმა ქვეყანამ, რომლებმაც მიიღეს დასავლური დახმარება, ცდილობდნენ მოეტყუებინათ თავიანთი დონორები და რეალურად არაფერი გაეკეთებინათ.  რუსეთის ხელისუფლება ასე იქცეოდა 1990-იან წლებში, როდესაც ცდილობდნენ სსფ-დან სესხის მიღებას  და შემდეგ არაფერს არ აკეთებდნენ.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ეს ძალისხმევა [საჯარო ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად] სწრაფ შედეგს არ მოიტანს. ანუ ის ადამიანები, რომლებსაც მოუწევთ ამ რეფორმების გატარება, დიდი ალბათობით, არ იქნებიან მათი ბენეფიციარები და, შესაძლოა, მათი შვილებიც არ იყვნენ ამ რეფორმების ბენეფიციარები. ეს არის გადასახადი იმისთვის, თუ რამხელა ორმოდან მოუწევს რუსეთს ამოსვლა.

შესაძლებელია ორმოდან არც გამოვიდეთ და დეგრადირება გავაგრძელოთ. ეს ბევრად უფრო მარტივია და გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ მაშინ ამ ორმოში ყოფნა მრავალი თაობის განმავლობაში მოგვიწევს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 მოსკოვის სახინკლეში დამლაგებელმა ქართველი მზარეული მოკლა - ხუმრობა, რომელიც მკვლელობით დასრულდა - ვიდეო

📣 ვიღაც პოდოლიაკი უცხო ქვეყნის ჩაგვრაში რომაა, ნუ გამოაგზავნიდნენ, წასაყვანიც აღარ ეყოლებოდათ, ვის რაში სჭირდებოდა - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

📣 როცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა - უკრაინელია - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

📣 „მომაწოდეთ ინფორმაცია, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ“ - ბილ ბროუდერი სააკაშვილს