მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

10 დაღუპული და 12 ტყვედ ჩავარდნილი - სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)

შეტაკება მთიან ყარაბაღში

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შედეგად 10 სომეხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 12 ტყვედ ჩავარდა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სიტუაცია საზღვარზე ძალზე დაძაბული რჩება. აზერბაიჯანული მხარე არტილერიას და ჯავშანტექნიკას იყენებს. სომხური მხარის ინფორმაციით, მათ ათამდე ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს და მოწინააღმდეგემ დიდი ზარალი განიცადა.

ამჟამად სროლა გრძელდება. 

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 13 ნოემბერს დაიძაბა. მხარეებს შორის ლოკალური შეტაკებები ხდება. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხარის პროვოკაციების საპასუხოდ განადგურებულია ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი და ნაღმმტყორცნი. ბაქოში აცხადებენ, რომ „მოწინააღმდეგის შენაერთებმა სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი ლაჩინის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანული ქვედანაყოფების მიმართულებით გახსნეს“.

აზერბაიჯანი სომხეთს ფართომასშტაბიან პროვოკაციაში ადანაშაულებს, რა დროსაც ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

თავის მხრივ ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული მხარე აღმოსავლეთ მიმართულებაზე ჯავშანტექნიკას და არტილერია იყენებს.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხურ პოზიციებზე შეტევა განახორციელეს. მოწინააღმდეგე არტილერიას და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს. სომხური მხარე საპასუხო ზომებს ახორციელებს“, - აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანი გარკვეული ტერიტორიის დაკავებას ცდილობს.