მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში „პოზიციური შეტევა“ განახორციელა. ინტენსიური სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ „არმენრპესი“ იუწყება. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სომხეთის სასაზღვრო უწყებამ მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოიგერია. ამჟამად რუსეთის მხარის შუამავლობით მოლაპარაკება მიმდინარეობს. სომხური მხრიდან მსხვერპლი არ არის.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ სნაიპერული შაშხანებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან აზერბაიჯანულ პოზიციებს ბასარკეჩარის რაიონში ცეცხლი გაუხსნა.  სროლა 13 ნოემბრის ღამიდან 14 ნოემბრის დილამდე მიმდინარეობდა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფმა უკანონო სომხურმა ფორმირებებმა (მთიან ყარაბაღში) აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებს სოფელ მუხტარკენდში ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

აზერბაიჯანული მხრიდან ასევე არავინ დაშავებულა.