მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელი იტალიაში კომუნისტების მიწვევით იმყოფება

მედოევი იტალიაში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელი დიმიტრი მედოევი იტალიელი კომუნისტების მიწვევით იტალიაში იმყოფება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც მედოევმა იტალიაში ყოფნისას რუსეთის მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, „სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო კონტაქტებს ავითარებს და კონტაქტებს ამყარებს იტალიის მემარცხენე პარტიებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან“.

მისი თქმით, აუცილებელია პარტიებს შორის ხიდების აგება და მომავალი მოქმედებისთვის საძირკვლის აშენება.

„ჩვენთან არიან მემარცხენე პარტიები. თუ იტალიის მხრიდან ასეთი ინტერესი იქნება, ოსეთის 2-3 პარტიასთან დავაკავშირებ“, - განაცხადა მედოევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს უკვე ჰყავს წარმომადგენლობები ლომბარდიაში, ვენეტოში, სარდინიაში, სიციალასა და რომში.

„ჩვენ უნდა ვიყოთ წარმოდგენილები ევროპაში, უნდა ვჩანდეთ და ჩვენზე უნდა საუბრობდნენ“, - აცხადებს მედოევი.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყნებში თვითმარქვია წარმომადგენლებს ნიშნავენ, რაც რუსული სპეცსამსახურების და საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს წარმოადგენს.