მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განვიხილეთ ოჯახის წევრების ვიზიტის შესაძლებლობა ცხინვალში, ზაზა გახელაძის მოსანახულებლად“ - ირაკლი ანთაძე

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-100 შეხვედრა დასრულდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი დაისვა, რაზეც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან პოზიცია უცვლელია.

მისი თქმით, ასევე იმსჯელეს ოკუპირებულ რეგიონში უკანონო პატიმრის მოსანახულებლად ოჯახის წევრების ვიზიტის შესაძლებლობაზეც.

„განვიხილეთ ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად და ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება“, - განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა.

ირაკლი ანთაძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისთვის დიპლომატიური სამუშაოები მიმდინარეობს.

„სხვადასხვა დონეზე, ვგულისხმობ დიპლომატიურ არხებს, იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა ეს საკითხი დროში აღარ გაჭიანურდეს“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების თქმით, თუ 23 ივნისამდე კონკრეტული შედეგი არ იქნება, ისინი საოკუპაციო ხაზს დემონსტრაციულად გადაკვეთენ და ოკუპანტებს მათი დაკავების უფლებას მისცემენ.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.