მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰესის აფეთქება განზრახული იყო უკრაინული კონტრშეტევის შესაჩერებლად, ეს საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს - მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი

„კახოვკას ჰესის აფეთქება განზრახული იყო უკრაინული კონტრშეტევის დროებით შესაჩერებლად, მაგრამ ეს არ იქონიებს ძალიან დიდი გავლენას თავად კონტრშეტევის პროცესზე“, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.

ქართული ლეგიონის მეთაური კახოვკის ჰესის აფეთქებას ტერორისტულ აქტს უწოდებს.

მისი თქმით, ჰესის აფეთქებით საფრთხე ექმნება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. 

„უკრაინაში ჰესის აფეთქების შემდეგ მძიმე მდგომარეობაა. სამაშველო ჯგუფები დაკავებულები არიან ადამიანების და ცხოველების ევაკუაციით. საქმე არ არის მხოლოდ ეკოლოგიურ კატასტროფაში, საქმე ისაა, რომ ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. რუსეთმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტი ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე. ფაქტობრივად მთელი ჰესი არის დანგრეული. ეს არის ტერორისტული აქტი. აფეთქება განზრახული იყო უკრაინული კონტრშეტევის დროებით შესაჩერებლად.

რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ტერორისტი ქვეყანა. დროებით ეს შეაფერხებს ამ მიმართულებით კონტრშეტევას, მაგრამ ეს არ იქონიებს ძალიან დიდ გავლენას თავად კონტრშეტევის პროცესზე. შეძლეს, დროებით დატბორეს ადგილები საიდანაც პოტენციურად შეიძლება, დაწყებულიყო კონტრშეტევა. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ რუსული ძალა არის გამოუვალ მდგომარეობაში და ნებისმიერ მეთოდს მიმართავს, რომ გადაირჩინოს თავი. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური არის საფრთხეში. უკრაინულმა მხარემ არა ერთხელ გააკეთა განცხადება“, - აცხადებს მამუკა მამულაშვილი. 

ქართული ლეგიონის მეთაურის განცხადებით, უკრაინული კონტრშეტევა ბახმუტის მიმართულებით საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს.

ამასთან, მამულაშვილი ამბობს, რომ რუსები არაადეკვატურად იქცევიან და დასძენს, რომ ზაფხულის ბოლომდე უკრაინა ტერიტორიებს დაიბრუნებს. 

„უკრაინული ჯარის გააქტიურებამ გამოიწვია ტერორისტული აქტი. საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს კონტრშეტევა, რა თქმა უნდა, ვხედავთ შედეგს იმაში, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან და არაადეკვატურად იქცევიან რუსები. ამავდროულად, ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინული კონტრშეტევა მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ზაფხულის ბოლომდე უკრაინული ტერიტორიები იქნება გათავისუფლებული, თუ არ მოხდა რაიმე კატასტროფა“, - დასძენს ქართული ლეგიონის მეთაური.