
ოკუპირებული ყირიმის ხიდზე დილით გამოჩენილ კვამლს, რასაც რამდენიმე საათით ხიდის ჩაკეტვა მოჰყვა, რუსული მხარე წვრთნებით ხსნის. ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო სააგენტო RIA Novosti ყირიმის მარიონეტი ხელმძღვანელის სერგეი აქსენოვის Telegram-ზე დაყრდნობით წერს.
„ყირიმის ხიდი დაკეტილია რაიონში წვრთნების გამო“, - დაწერა აქსენოვმა.
ამის შემდეგ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ხიდზე მოძრაობა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე აღდგა მას შემდეგ, რაც მათივე თქმით, წვრთნები დასრულდა და დაკვამლიანება შეწყდა.
რუსული მხარე არ აკონკრეტებს, რა ტიპის სწავლება ჩატარდა ხიდზე და წინასწარ რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა.