მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა უკრაინაზე შეტევა შეიძლება ყირიმიდან და ბელარუსიდან განახორციელოს - Bloomberg

რუსეთის შესაძლო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე შეტევა შეიძლება ყირიმიდან და ბელარუსიდან განახორციელოს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება. 

აშშ-მა უკვე გადასცეს ნატოს მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდაზე მიუთითებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, შეტევაში 100 ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა საერთო რაოდენობა 100 ათასი ადამიანი იქნება. ასევე Bloomberg-ის წყარო იუწყება, რომ რუსეთმა ათეულობით ათასი რეზერვისტი გაიწვია.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, ინტერვენცია 2022 წლის იანვარში ან თებერვალში შეიძლება დაიწყოს.

მოსკოვი ამ ინფორმაციას უარყოფს და მას „რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციის კამპანიას უწოდებს.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვა იუწყება, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია ძალზე წააგავს იმას, რაც შექმნილი იყო საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის წინ.

„ჩვენს შეშფოთებას იწვევს აშშ-ის და ევროკავშირის პროვოკაციული პოლიტიკა, რომლის შედეგად კიევში დაუსჯელობის და ყველაფრის უფლების განცდა შეიქმნა. მსგავსი სიტუაცია შექმნილი იყო 2008 წელს საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა „აიწყვიტა“ და მან სამხრეთ ოსეთის  რუსი სამშვიდობოების და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება გადაწყვიტა, რაც ძალზე ძვირად დაუჯდა“, - წერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური.