მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია საქართველოს მიერ შექმნილი მითია“- ბიბილოვი

ბიბილოვის განცხადება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მიმართ ბინძურ პროპაგანდაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც ბიბილოვმა ცხინვალში „რესპუბლიკის დღეზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ძალები, რომლებიც 2008 წელს სამხრეთ ოსეთის მიწასთან გასწორებას ცდილობდნენ, არ დაწყნარებულან“.

„საქართველომ ტაქტიკა შეცვალა და ის ბინძურ პროპაგანდას და უხეშ სიცრუეს ტირაჟირებს“ - განაცხადა ბიბილოვმა. მისი თქმით, თბილისი საერთაშორისო საზოგადოებაში ტირაჟირებს მითს „რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციის შესახებ“.

„საქართველო და მისი მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს, რომ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ჯარი გაიყვანოს და მისი აღიარება უკან გაიწვიოს. მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. სულ უფრო მეტი ადამიანი იგებს სამხრეთ ოსეთის შესახებ და ჩვენს რესპუბლიკას, მხარდაჭერას უცხადებს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს ამ პირობებში მხოლოდ „ძმური რუსეთის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს“

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა და ცხინვალმა „ორმაგი მოქალაქეობის შესახებ“ შეთანხმება გააფორმეს. მას ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და რუსეთის ე.წ. ელჩმა მარატ კულახმეტოვმა მოაწერეს ხელი.