მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოჭში ალიევის, ფაშინიანის და პუტინის მოლაპარაკება დაიწყო

პუტინი ალიევი ფაშინიანის შეხვედრა

სოჭში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერების, ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. შეხვედრის დაწყების წინ სამი ქვეყნის ლიდერმა განცხადება გააკეთა. 

ვლადიმერ პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ საკმაოდ ბევრი რამე გაკეთდა, თუმცა არის დარჩენილი პრობლემებიც. „მე ვიცი საზღვარზე მომხდარი ინციდენტების შესახებ. როდესაც ორივე მხრიდან ხალხი დაიღუპა და დაიჭრა. ამას მომავალში დიდი ყურადღება დასჭირდება, რომ  მსგავსი რამ თავიდან ავიცილოთ. ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები არ ხდება, რაც ძალზე კარგია. 53 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა მთიან ყარაბაღში. შექმნილია სამონიტორინგო ჯგუფი, სამშვიდობო ძალები ღირსეულად მოქმედებენ, მუშაობს რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი, მაგრამ მთავარია, რომ იქმნება საფუძველი მომავალი მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. უახლოეს მომავალში ჩვენ არა მარტო სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის ჯგუფს შევქმნით, არამედ კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ, რეგიონი უნდა აღორძინდეს, ხალხი უნდა იყოს უსაფრთხოდ, განვითარდეს და ეს ყველაფერი აისახოს რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. რუსეთისთვისაც ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსეთს სომხეთსა და აზერბაიჯანთან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს, დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ერთიან ქვეყანაში ვცხოვრობდით. დიდი ისტორიული კავშირები გვაქვს და ეს უნდა შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ. მე ამ თემებზე ცალ-ცალკე ვესაუბრე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს“ - განაცხადა პუტინმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხში წვლილისთვის.

„გასულ წელს ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის ტექსტი შევათანხმეთ. რუსული სამშვიდობო ძალების განთავსების შემდეგ სერიოზული ინციდენტები არ ყოფილა. იყო ერთეული შემთხვევები, მას სისტემური ხასიათი არ ჰქონია. სამშვიდობო ძალებს მადლობას ვუხდი - ისინი რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, მანამდე იქ იყო გაყინული კონფლიქტი, ხოლო შარშან მოხდა ფართომასშტაბიანი ომი.

სატრანსპორტო კომუნიკაციების თემა არის უმნიშვნელოვანესი და ის ჯერჯერობით არ სრულდება. ჩვენ წინასწარ ეს უკვე განვიხილეთ. ასევე იქნება განხილული საზღვრის დადგენის საკითხი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ის დღეს დელიმიტირებული არ არის.  ჩვენ მზად ვართ ეს პროცესი დავიწყოთ. საჯაროდ განვაცხადეთ და სომხეთს სამშვიდობო შეთანხმება შევთავაზეთ. როგორც მეზობლებმა უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც მადლობა გადაუხადა რუსეთს და ვლადიმერ პუტინს. „მინდა გამოვხატო სომეხი ხალხის სახელით თანაგრძნობა იმ ტრაგედიის გამო, რომელიც კუზბასში მოხდა. თქვენი პირადი როლი ამ ომის დასრულებაში თვალსაჩინოა. რუსეთის სამშვიდობო ძალები იქ განთავსდნენ და ისინი საკვანძო როლს ასრულებენ ყარაბაღში და რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის საკითხში. მაგრამ, სიტუაცია არ არის ისეთი სტაბილური, როგორც ჩვენ გვსურს რომ იყოს. 9 ნოემბრის შემდეგ ათეულობით ადამიანი დაიღუპა, გვაქვს კრიზისული სიტუაცია აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. აზერბაიჯანის ჯარი ცოტა ხნის წინ შეიჭრა სომხეთის ტერიტორიაზე. ის დელიმიტირებული არ არის, მაგრამ სახელმწიფო საზღვარი არსებობს მე ვერ დავეთანხმები აზერბაიჯანის პრეზიდენტის იმ ფორმულირებას, რომ ყველა პუნქტი კომუნიკაციების დებლოკირების გარდა შესრულდა. არის კიდევ ტყვეების და მძევლების პრობლემა, ეს უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული საკითხია, მაგრამ ჩვენ იმისთვის არ შევიკრიბეთ, რომ საკითხებზე მხოლოდ ვისაუბროთ, ჩვენ უნდა გადავჭრათ საკითხები, საზღვრის დემარკაციას და დელიმიტაციას მხარს ვუჭერთ, ასევე მხარს ვუჭერთ დებლოკირებას და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას.

თქვენ ახსენეთ მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარების თემაც და სამშვიდობო შეთანხმებაში ჩვენც ვართ დაინტერესებულები. ეს უნდა მოხდეს მინსკის ეუთოს ჯგუფის ფარგლებში შეიძლება გარკვეული საკითხების განხილვა სამმხრივი და ორმხრივ ფორმატებში. იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს შორისაც. ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გავაჟღეროთ პრობლემების არსებობა, არამედ შევეცადოთ მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას უზრუნველჰყოფს“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. 

ვლადიმერ პუტინის თქმით, კარგია, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია სიტუაციის გადაჭრაში და პოზიციურ ჭრილში ამ პრობლემების მოგვარებაში, რუსეთიც მათ შორის. „დიდი ტვირთბრუნვა გვაქვს და უნდა შევთანხმდეთ, რომ დაიწყოს დემარკაცია და დელიმიტაცია. ეს პრობლემები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მივიღეთ, საზღვრისაც მათ შორის. პირდაპირი კონტრაქტები კარგია, ამაში გეთანხმებით, უახლოეს მომავალში თქვენ შეხვდებით ბრიუსელში და ამასაც მხარს ვუჭერთ. შარლ მიშელსაც ვესაუბრე და ის გელოდებათ. პარტნიორების გაზრდის რაოდენობას მხარს ვუჭერთ“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.