მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თურქეთი მალე აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და სახელმწიფო სუვერენიტეტს" - ვალერი კვარჩია

აფხაზური დელეგაცია თურქეთში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის „სპიკერი" ვალერი კვარჩია დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში თურქეთი, „რომელშიც აფხაზურ-ადიღეური დიდი დიასპორა ცხოვრობს, აფხაზეთის დამოუკიდებლობას და სახელმწიფო სუვერენიტეტს აღიარებს“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის „სპიკერმა“ ვალერი კვარჩიამ და დეპუტატმა ასტამურ ლოგუამ ჟურნალისტებს თურქეთში ბოლო ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა" იუწყება. 

სოხუმის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ იზმირში „აფხაზეთის კულტურული ცენტრების“ ფედერაციის ყრილობაში, დელეგაციის წევრები ოკუპირებული აფხაზეთის სრულუფლებიან წარმომადგენელს თურქეთში იბრაჰიმ ავიძბას შეხვდნენ. შეხვედრები სტამბოლსა და ანკარაში გაიმართა, მათ შორის თურქეთის პარლამენტის პარლამენტის აფხაზ დეპუტატებთან - ეშბასთან და პაპბასთან.

ვალერი კვარჩიამ მოგზაურობას ნაყოფიერი უწოდა. „რომ არა ზოგიერთი მოვლენა, თურქეთი დიდი ხნის წინ უნდა გაგვეცნო“, - განაცხადა ე.წ. სპიკერმა.

ვალერი კვარჩია დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში თურქეთი, აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. თურქეთსა და რუსეთს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

„თურქეთი არის რეგიონალური ძალა, რომელიც ატარებს საკუთარ პოლიტიკას. ამავდროულად, მას მჭიდრო კონტაქტები აქვს რუსეთთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები გზას გაგვიხსნის“, - განაცხადა კვარჩიამ.

ე.წ. პარლამენტის წევრი ასტამურ ლოგუა ამბობს, რომ დეპუტატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

„თურქული მიმართულებით მუშაობა ნიშნავს არა მხოლოდ აფხაზურ დიასპორასთან მუშაობას, რომელიც არის თურქეთის რესპუბლიკაში აფხაზური პოლიტიკის გამტარებელი. ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ  იმ ქვეყნების პოლიტიკურ წრეებს, სადაც ჩვენი დიასპორა ცხოვრობს და ხელი შევუწყოთ ჩვენი აღიარების საკითხს. ეს ვიზიტი თურქეთის პარლამენტში ჩვენს კოლეგებთან არის ისტორიული მოვლენა. სამომავლოდ იგეგმება ჩვენი კოლეგების ვიზიტები აფხაზეთში. თურქეთში იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებშიც შეგვიძლია მონაწილეობის მიღება. ჩვენი ვიზიტის დროს ჩვენ შევძელით რამდენიმე კონკრეტული საკითხის განხილვა“, - განაცხადა ლოგუამ.

ლოგუას თქმით, მათ, ასევე, განიხილეს აფხაზურ და თურქულ ტელეარხებს შორის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა.