
ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის 2411 შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსით ინფიცირებულთა საერთო შემთხვევების რაოდენობამ 46 ათას გადააჭარბა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 582-ს შეადგენს.
ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ ვირუსზე.
რაც შეეხება საქართველოს, 24 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 66 ადამიანია ინფიცირებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ფაქტი, რის გამოც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები საკარანტინე ზონად გამოცხადდა. საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში უკვე დაიწყო პრე კრიზისული ფაზა.