მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანა ამერიკას გააძლიერებს - ექსპერტი

ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გასვლის შედეგები

ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანა და ამ ქვეყანაში სამხედრო ოპერაციის ფაქტობრივი კრახი, სინამდვილეში ამერიკას ვერ დაასუსტებს, მაგრამ მთელ მსოფლიო პოლიტიკას შეცვლის - მიაჩნია გერმანული გაზეთ FAZ-ის პოლიტიკურ მიმომხილველს ნიკოლას ბუსეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მიმომხილველი წერს, რომ დასავლეთის ავღანური პოლიტიკის კრახის შესახებ დისკუსია, პირველ რიგში, ჰუმანისტური პოზიციიდან მიმდინარეობს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ბოლო დღეების ახალი ამბები ძირითადად ქაბულის აეროპორტიდან უცხოელების და ავღანელების ევაკუაციას, ასევე „თალიბანის“ მოქმედებას აშუქებს.

ამასთანავე, მარცხი, რომელიც აშშ-მა რეგიონში განიცადა, ჩვენს წინაშე სტრატეგიული ხასიათის კითხვებს სვამს. იქნება თუ არა ეს მსოფლიო პოლიტიკაზე აშშ-ის და ევროპის გავლენის შემცირების ეტაპი? რა შედეგები მოჰყვება იმ ქვეყნიდან წასვლას, რომელზეც დასავლური ფასეულობების და დასავლეთის უსაფრთხოების ფრონტის ხაზი გადიოდა ბოლო 20 წლის განმავლობაში?

ავღანეთიდან წასვლა აშშ-ის ბრძოლისუნარიანობას გაზრდის

როგორც ყოველთვის, ასეთ კითხვებზე პასუხი არც ისე ერთგვაროვანია, როგორც ეს ზოგიერთ პოლიტიკოსს ერთი შეხედვით ეჩვენება. ამერიკის „ჩამოწერის“ მცდელობა ადრეც არსებობდა, ყველაზე აქტიურად ეს 1970-იანი წლების დასაწყისში, ვიეტნამში ამერიკის მარცხის შემდეგ ხდებოდა. ავღანეთიდან და ვიეტნამიდან ჯარის გასვლას ხშირად ერთმანეთს ადარებენ. მაგრამ ფაქტია, რომ ავღანეთიდან წასვლის შემდეგაც აშშ როგორც სამხედრო, ასევე, ეკონომიკის მიხედვით, მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდ დარჩა.

ამერიკის მიერ ბოლო დროს წარმოებული ომების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკელები მას სხვის ტერიტორიაზე აწარმოებდნენ. ომებში დამარცხებას შეიძლება შიდაპოლიტიკური შედეგები მოჰყვეს, მაგრამ არა რეალური ნგრევა და ტერიტორიის დაკარგვა, რაც ქვეყანას დაასუსტებდა.

სინამდვილეში ავღანეთიდან ამერიკელების გასვლა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში აქტიური საბრძოლო მოქმედებები აშშ-მა 2014 წელს დაასრულა, ამერიკული ჯარი ქვეყანაში არსებული ოპერატიული ვითარების მართვაში ჩართული მაინც იყო. მაგალითად, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების საჰაერო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. ამით არის დაკავებული ამერიკული ჯარი ერაყშიც, საიდანაც ის წლის ბოლოსთვის უნდა გავიდეს. სწორედ ამაში მდგომარეობს ამერიკის პრეზიდენტის მიზანი - მას სურს შეინარჩუნოს რესურსები აშშ-ის პოლიტიკის ახალი პრიორიტეტისთვის - ჩინეთთან გლობალური დაპირისპირებისთვის.

Realpolitik-ის დაბრუნება

მსოფლიო პოლიტიკისთვის ეს კლასიკურ, პრაგმატულ მიზნებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის დაბრუნებას ნიშნავს. ომები, რომლებსაც დასავლეთი ბოლო ათწლეულებში ავღანეთში, ერაყში და ლიბიაში აწარმოებდა, არატიპური ომები იყო, მათი მიზანი ტერორიზმისგან დაცვა, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების დაცვა იყო.

ავღანეთის კამპანიის ქაოსური და დამამცირებელი დასასრული ამ ეპოქის დასასრულსაც ნიშნავს. ნატო დაუბრუნდა საგარეო საფრთხეებისგან ალიანსის წევრი ქვეყნების დაცვის კონცეფციას, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ძალზე აქტუალური გახდა.

ახლა კი ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში დასავლეთის სამხედრო მონაწილეობა იზრდება. ჩინეთთან დაპირისპირებაც ხომ ძირითადად, ზღვაზეა მოსალოდნელი, რაც, ასევე, ბოლო წლების სახმელეთო ოპერაციებისგან განსხვავებული იქნება.

დაუჭერენ თუ არა თალიბები მხარს ტერორისტებს?

რთულია შეკითხვაზე პასუხის გაცემა - გააძლიერებს თუ არა „თალიბანის“ გამარჯვება ისლამურ ტერორიზმს? აშშ-ში ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ქაბულიდან რეპორტაჟები და სუპერსახელმწიფოს დამარცხების შესახებ განცხადებები „მძინარე“ მდგომარეობაში მყოფ ტერორისტულ რგოლებს გამოაფხიზლებს და ისინი ახალ ტერაქტებს მოაწყობენ. ევროპაში ეს საფრთხე, სავსებით რეალურია.

ჯერჯერობით გაუგებარია, გახდება თუ არა „თალიბანი“, რომელიც ვიწრო ნაციონალისტური მიმდინარეობაა, კვლავ მსოფლიო ჯიჰადიზმის ცენტრი? მით უმეტეს, 2001 წლის სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით (სწორედ საერთაშორისო ტერორისტების ყოფნა ავღანეთში გახდა ქვეყანაში ამერიკული ჯარის შესვლის მიზეზი). ასე მაგალითად, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თალიბებს მტრული დამოკიდებულება აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში რეგიონისთვის საშიშროება იზრდება. მაგ. ის გაზრდილი იქნება პაკისტანისთვის, რომელსაც ისედაც უწევს ქვეყნის შიგნით არსებულ რადიკალურ დაჯგუფებებთან ბრძოლა. ასევე რუსეთისა და ჩინეთისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკელების წასვლა მათ გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის. ამასთანავე, მოსკოვიც და პეკინიც შიშობენ, რომ ავღანეთში ისლამისტური ძალების გამარჯვება მათ ქვეყნებში ისლამისტურ უმცირესობებს გააძლიერებს.

დასავლეთის ახალი სამხედრო ოპერაციები სავარაუდოდ არ ჩატარდება

ერთი რამ ცალსახაა. ამერიკა და მთლიანად დასავლეთი მომავალში სხვა ქვეყნებში ჯარის შეყვანისგან მაქსიმალურად თავს შეიკავებენ. ეს, პირველ რიგში, ავღანეთის მსგავს ქვეყნებს ეხება. მომავალში, სავარაუდოდ, საქმე საჰაერო იერიშებით და სპეცრაზმების მცირერიცხოვანი ოპერაციებით შემოიფარგლება.

სულ ცოტა ხნის წინ, გერმანიაში, მაგალითად, სავსებით სერიოზულად სპეციალური დანიშნულების ძალების შენარჩუნების მიზანშეწონილობა განიხილებოდა. ზოგიერთ ექსპერტს ეგონა, რომ ტრამპის წასვლის შემდეგ ამერიკა მთელი მსოფლიოს, მათ შორის გერმანიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სინამდვილეში კი ხდება ისე, რომ პრეზიდენტ ბაიდენს ჩინეთთან დაპირისპირებაში მომავალში მოკავშირეები დასჭირდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 „აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი ომი დაასრულა - ყველაზე ხანგრძლივი ომი ამერიკის ისტორიაში“ - ჯო ბაიდენი

🔅 „ავღანეთში ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალია“ - ანტონიო გუტერეში