მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში რეკორდული სიცივის შედეგად 166 ადამიანი დაიღუპა

უამინდობა ავღანეთში

ავღანეთში რეკორდული სიცივის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 166-ს მიაღწია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა არაერთხელ დაეცა -33 გრადუსამდე. ყინვებს თან ახლდა ძლიერი თოვლი. რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიაც გაითიშა. 

ადგილობრივი მეტეოროლოგების განცხადებით, ეს ზამთარი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ცივია. 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  23 იანვრიდან ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბადახშანის პროვინციის სოფელში მწვავე რესპირატორული ინფექციით 17 ადამიანი გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობები ჰუმანიტარული მუშაკების ლოკაციამდე მისვლას ართულებს. 

ჯანმომ სიკვდილის მიზეზად ასევე დაასახელა ხანძარი და გაზით მოწამვლა, რომელიც ასევე გათბობისთვის გამოიყენება. 

ავღანეთი რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის გამო საერთაშორისო იზოლაციაშია. ქვეყანა უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის. 38 მილიონი ადამიანის ნახევარზე მეტს არ აქვს უსაფრთხო საკვები, სამი მილიონი ბავშვი რეგულარულად განიცდის საკვების ნაკლებობას.

ავღანეთისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება კიდევ უფრო შეზღუდულია 2022 წლის 24 დეკემბრის „თალიბანის“ გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ქალებს უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა ეკრძალებათ. 

ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც არ შეასრულებს ბრძანებას,  ავღანეთში საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდება.  აკრძალვა შეეხო 180-ზე მეტ ორგანიზაციას, რომლებიც ავღანეთის დახმარების საკოორდინაციო სააგენტოს ნაწილი იყვნენ. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ირანში სამხედრო ობიექტები დრონებით დაბომბეს

➖ ისრაელი ჯარს პოლიციით აძლიერებს