უცხოეთი

ევროკავშირი გმობს ბელარუსისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის შეთანხმებას - ბორელი

ჯოზეფ ბორელი
1685131275
დაკოპირებულია

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ბელორუსიის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანის შესახებ რუსეთსა და ბელარუსს შორის დადებულ შეთანხმებას გმობს. ბორელის თქმით, „ეს არის ნაბიჯი, რომელიც შემდგომში გამოიწვევს უკიდურესად საშიშ ესკალაციას“. 

მისივე თქმით, ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება ბუდაპეშტის მემორანდუმით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც რუსეთმა თავის თავზე აიღო და რომლის მიხედვითაც, ბელარუსმა თავის ტერიტორიაზე არსებული  ბირთვული იარაღი სრულად გაანადგურა. 

„რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს ეს ვალდებულებები. ბელარუსის ხელისუფლებას კი მოვუწოდებთ, დაუყონებლივ შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ და შეცვალოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას და ძირს უთხრის ბელორუსის სუვერენიტეტს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც EU-ს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საბჭომ (CFSP) გაავრცელა.