
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ.
პრემიერის თქმით, ქვეყნის დატოვება მხოლოდ სამი აუცილებელი შემთხვევის დროს იქნება შესაძლებელი.
"მთელი იტალია დაცულ ზონად გამოცხადდება. საზღვარზე განსაკუთრებული კონტროლი დაწესდება. ქვეყნის დატოვება მხოლოდ სამი აუცილებელი შემთხვევის დროს იქნება შესაძლებელი, თუ ეს სამუშაოს, საგანგებო სიტუაციას, ან ჯანმრთელობას ეხება. აკრძალულია საზოგადოებრივი შეკრება და მოგზაურობა. ასევე, შეწყდება საფეხბურთო ჩემპიონატი და დაიკეტება სპორტული დარბაზები. ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, აუცილებელია სახლში დავრჩეთ, ვაკონტროლოთ მდგომარეობა, რადგან იტალიის მომავალი ჩვენს ხელშია", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, იტალიამ კორონავირუსის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი დააწესა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა კონტემ მიიღო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 463-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი მსოფლიო გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში ვირუსის პირველი შემთხვევები გასული წლის დეკემბერში დაფიქისირდა.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.