
ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა ჯეკი ჩანმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ჩანი დიდი ხანია პეკინის პოლიტიკას მხარს უჭერს. ამის გამო მას მშობლიურ ჰონგ-კონგში ბევრი აკრიტიკებს.
კომპარტიაში გაწევრიანების სურვილი ჩანმა ჩინეთის კინოს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააჟღერა. მასზე ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის გამოსვლის განხილვა შედგა, რომელიც ჩინეთის კომპარტიის 100 წლის იუბილესთან იყო დაკავშირებული.
თავის გამოსვლაში ჯეკი ჩანმა განაცხადა - ის ძალიან ამაყია, რომ ჩინელია და რომ ის „ჩინეთის კომპარტიის დიდებას ხედავს“.
67 წლის ჯეკი ჩანის მშობლები ჩინეთიდან გაიქცნენ და საცხოვრებლად ჰონგ-კონგში გადავიდნენ. ახალგაზრდობაში ჯეკი ჩანი პეკინის პოლიტიკას აკრიტიკებდა და 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე პროტესტებს მხარს უჭერდა.
თუმცა, მოგვიანებით ჩანმა პოზიცია შეცვალა. კერძოდ ის ჰონგ-კონგის და ტაივანის პოლიტიკურ მოდელებს „ზედმეტი თავისუფლებისთვის" აკრიტიკებდა. მან ასევე ჩინეთში კინოინდუსტრიაში არსებულ ცენზურას მხარი დაუჭირა.
2013 წელს ჯეკი ჩანი ჩინეთის სახალხო საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა. ამ ორგანიზაციაში, როგორც წესი, მდიდარი ჩინელები შედიან, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურები არიან, მაგრამ პარტიის წევრები არ არიან.