მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვი: მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების აღსადგენად მზად არის

ლავროვი საქართველოზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების აღსადგენად მზად არის. ლავროვმა ეს განცხადება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. ინფორმაციას russian.rt.com ავრცელებს

„თუ საქართველოს რუსული კარტის გათამაშება არ სურს, რათა დასავლეთის მფარველობა შეინარჩუნოს და რუსეთთან ნორმალურად ცხოვრება უნდა, მოსკოვი ნებისმიერ მომენტში ამისთვის მზად არის“ - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, საქართველოს უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ რუსეთთან ჰქონდეს ნორმალური, მეზობლური ურთიერთობები. მისი თქმით, რუსეთს ურთიერთობების ნორმალიზების მზადყოფნა ადრეც გამოუთქვამს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს სურდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა, მაგრამ ამას 2019 წლის ივნისში რუსი დეპუტატების წინააღმდეგ მოწყობილმა პროვოკაციამ ხელი შეუშალა.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2000 წელს დაუწესა. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 2011 წელს კი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლის უფლება მიეცათ.