მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვს „თალიბანთან“ კავშირში ადანაშაულებენ

ლავროვი და თალიბანი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კანდიდატმა და უფლებადამცველმა მარინა ლიტვინოვიჩმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა და არჩევნებიდან „ედინაია როსიას“ კანდიდატის, სერგეი ლავროვის მოხსნა მოითხოვა. ლიტვინოვიჩის თქმით, ლავროვი ავღანურ რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ არის დაკავშირებული, რომელიც რუსეთში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

უფლებადამცველმა რამდენიმე ფაქტი მოიყვანა, როდესაც ლავროვმა მოძრაობა „თალიბანთან“ ოფიციალური შეხვედრები გამართა. რუსეთის კანონმდებლობით, იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთში აკრძალულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულები, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ.

„მიმაჩნია, რომ სერგეი ლავროვი თანამშრომლობდა მოძრაობა „თალიბანთან“ და ეს თანამშრომლობა ამ ორგანიზაციის მიერ ტერორისტულად აღიარების შემდეგაც გაგრძელდა. შესაბამისად „ედინაია როსიას“ სიის არსებული სახით დამტკიცება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ უნდა მოხდეს“ - განაცხადა მარინა ლიტვინოვიჩმა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ზამირ კაბულოვმა „თალიბანის“ პოლიტიკურ ოფისთან კონსულტაციები გამართა. მოლაპარაკების დროს ავღანეთში ხელისუფლებას და რადიკალურ მოძრაობას შორის მოლაპარაკების პერსპექტივები განიხილებოდა.