უცხოეთი

მერკელის „ორეული“, რომელმაც ანგელას ეპოქა დაასრულა - ვინ არის ოლაფ შოლცი?

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და გერმანიის ყოფილი ანგელა მერკელი
1637859675
დაკოპირებულია

ოლაფ შოლცი, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბერში ოფიციალურად გახდება გერმანიის კანცლერი, ქვეყნის სათავეში უამრავი პრობლემის არსებობის პარალელურად მოდის. მაშ, ვინ არის ოლაფ შოლცი? ამის შესახებ სტატიას nytimes.com ავრცელებს. 

მთავარი შეკითხვა, რაც კანცლერის თანამდებობის დაკავებისას ჩნდება, შეძლებს თუ არა ოლაფ შოლცი, თავისი წინამორბედის, ანგელა მერკელის ადგილის ღირსეულად დაკავებას?

ოლაფ შოლცმა წარმატებას მიაღწია თავის საარჩევნო კამპანიაში და მალე გახდება გერმანიის კანცლერი, უპირველეს ყოვლისა, იმის ხარჯზე, რომ ამომრჩეველი დაარწმუნა - ძალიან დაემსგავსება იმ პოლიტიკურ ფიგურას, რომელსაც ცვლის: ანგელა მერკელს.

შოლცი არა მხოლოდ რიტორიკაში ცდილობდა დამსგავსებოდა ანგელა მერკელს, არამედ ჟესტებიც შესაბამისი ჰქონდა. ამის მიზანი მერკელის „სიმშვიდის აურის“ დემონსტრირებაა.

„შოლცი ჰგავს ფეხბურთელს, რომელმაც ზედმიწევნით შეისწავლა სხვა მოთამაშეთა ვიდეოები, რამაც მისი საკუთარი თამაში შეცვალა“, - ამბობს გერმანელი პოლიტიკური მიმომხილველი რობინ ალექსანდრე. „ტემპერამენტიდან და პოლიტიკური სტილიდან დაწყებული სახის გამომეტყველებით დამთავრებული, შოლცი მერკელს დაემსგავსა. შოლცი ქალი რომ ყოფილიყო, მერკელის მსგავსად აუცილებლად შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ივლიდა“, - ამბობს ექსპერტი.

მეორე შეკითხვა, რომელიც პირველიდან გამომდინარეა და რომელიც გერმანიასა და ევროპას უჩნდება:

შეუძლია თუ არა შოლცს ამდენი მწვავე კრიზისის მოგვარება, რაც ქვეყნის სათავეში მოსვლისას დახვდა? 

შოლცს კანცლერის სავარძლის დაკავებისას მოუწევს პანდემიასთან ბრძოლა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის მოგვარება, რუსული ჯარის მობილიზების საკითხის მოგვარება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან. საინტერესოა როგორი იქნება მისი დამოკიდებულება აშშ-სთან, ჩინეთთან და რუსეთთან.

„მასზე ზეწოლა უზარმაზარია”, - ამბობს საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს წევრი იანა პულიერინი.

ოლაფ შოლცი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანიის მთავრობაში მუშაობდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ბოლოს ის იყო ფინანსთა მინისტრი.

მაგრამ ის, ასევე, იყო „პოლიტიკური ქამელეონი“, ძალზე პრაგმატული პოლიტიკოსი, რომელიც ისე იოლად მოძრაობდა ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ, რომ ძნელი იყო იმის გაგება, თუ სად არის იდეოლოგიურად.

ოლაფ შოლცი - გზა კარიერისკენ

ოლაფ შოლცი დაიბადა ოსნაბრიუკში, ჩრდილოეთ გერმანიაში და გაიზარდა ქალაქ ჰამბურგში, რომლის  მერიც გახდა მოგვიანებით. მშობლები საფეიქრო ფაბრიკაში მუშაობდნენ.

ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. ის ათი წელი ადვოკატად მუშაობდა და იცავდა მუშების ინტერესებს, რომლებსაც ქარხნების დახურვით ემუქრებოდნენ.

როდესაც შოლცი პირველად აირჩიეს პარლამენტში, ის იყო საკუთარი პარტიის მემარცხენე წევრი. დღეს კი ოლაფ შოლცი სოციალ-დემოკრატებში მემარჯვენე პოლიტიკოსად მიიჩნევა.

ოლაფ შოლცის თანაპარტიელების აზრით, ის ყოველთვის გრძელვადიან თამაშზე იყო ორიენტირებული და კანცლერის სავარძლის დაკავებას ჯერ კიდევ 2011 წლიდან ცდილობდა.

პოლიტიკური ოპონენტებიც კი მისი პოლიტიკური ინსტინქტებით არიან აღფრთოვანებულები, ასევე, პოლიტიკოსის გამძლეობითა და მშვიდი თავდაჯერებულობით. სამი წლის წინ, როდესაც სოციალ-დემოკრატების რეიტინგი ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო, შოლცმა განუცხადა The New York Times-ს, რომ სოციალ-დემოკრატები გაიმარჯვებდნენ მომავალ არჩევნებში.

ქალბატონი მერკელის მსგავსად, მას აქვს საიმედო და „ორპარტიული აზროვნების“ მქონე ადამიანის რეპუტაცია.

„მერკელის მოქმედება ყოველთვის სცდებოდა პარტიულ იდეოლოგიას, ის პრაგმატულად მოქმედებდა“, - ამბობს რობინ ალექსანდრე, რომელმაც დაწერა ბესტსელერი მერკელის ეპოქის დასასრულის შესახებ.

„პოლიტიკის ცენტრში ყოფნა არის ის, რაც მერკელმა ასე ოსტატურად შეძლო და ეს არის ის, რისკენაც შოლციც მიისწრაფვის”, - ამბობს მიმომხილველი.

ამ პოლიტიკურმა მოქნილობამ ის შეიძლება იდეალურ ლიდერად ჩამოაყალიბოს, რათა გაუმკლავდეს სერიოზულ გამოწვევებს, თანხმობა შეინარჩუნოს უჩვეულო და გამოუცდელ სამმხრივ კოალიციაში იდეოლოგიურად ორ განსხვავებულ პარტიასთან: მწვანეებთან, რომლებიც 50 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებენ „მწვანე ეკონომიკაზე“ გადასასვლელად, ასევე,  თავისუფალ დემოკრატებთან, რომლებიც ქვეყნის ხაზინას გააკონტროლებენ.

ექსპერტების პროგნოზები ოლაფ შოლცთან დაკავშირებით

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ შოლცი ზედმეტად იქნება დაკავებული შიდა პოლიტიკური დაძაბულობის მოგვარებით, ევროპა და მსოფლიო ძალზე მალე აუცილებლად იგრძნობს ქალბატონ მერკელის ეპოქის დასრულებას.

მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, შოლცის გერმანია შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ძალა ევროპის ერთიანობისთვის, ასევე, ტრანსატლანტიკური ერთიანობის ცენტრი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და ლიდერი სტრატეგიულ მეტოქეებთან, რუსეთსა და ჩინეთთან დასავლეთის დაპირისპირებაში.

წინასაარჩევნო კამპანიაში საგარეო პოლიტიკა თითქმის არ განიხილებოდა, მაგრამ გერმანია იანვარში დაიკავებს G7-ის თავმჯდომარეობას და ბ-ნი შოლცი შემდეგ უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობს  აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს.

შოლცს ჰყავს მემარცხენე ცენტრის მნიშვნელოვანი მოკავშირე პრეზიდენტ ბაიდენის სახით. ბილ კლინტონის პრეზიდენტობის მეორე ვადის შემდეგ არც ერთხელ არ ყოფილა თეთრი სახლიც და გერმანიის კანცელარიაც მემარცხენე ლიდერების ხელში.

კორონავირუსის პანდემია შოლცისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. გერმანიაში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ინფიცირების შემთხვევების მატება ფიქსირდება. მთავრობა შეზღუდვების დაწესებას იწყებს, მაგრამ აუცილებელია შეზღუდვებსა და ეკონომიკისთვის შესაძლო ზიანს შორის ოქროს შუალედის დაჭერა.

იშვიათად  თუ მოსულა ახალი კანცლერი გერმანიის  ხელისუფლებაში ამდენი მწვავე კრიზისის პარალელურად. შედეგად, ოლაფ შოლცის მრჩევლებს მიაჩნიათ, რომ ის ყურადღებას ევროკავშირის გაძლიერებაზე გაამახვილებს. მისი პირველი უცხოური ვიზიტი საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შედგება, რომელსაც მომავალ წელს რთული საარჩევნო კამპანია ელის. მაკრონის მხარდაჭერა, რომელიც იანვარში ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია.

„სუვერენული ევროპა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის გასაღები”, -  თქვა შოლცმა.

„როგორც ეკონომიკურად უძლიერესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა ევროპის შუაგულში, ჩვენი ვალია შევქმნათ სუვერენული ევროპული შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ მას და წინ ვიაროთ“, - ამბობს შოლცი.

რამდენიმე ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ახალი კანცლერი არსებითად შეცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს, თუმცა, ამ ექსპერტების რაოდენობა შედარებით მცირეა.

გერმანიის მოკავშირეები რუსეთსა და ჩინეთთან გერმანიის უფრო მკაცრ პოზიციას ელიან. პრობლემები ევროკავშირის შიგნითაც საკმარისია. შოლცისთვის ერთ-ერთი პირველი ტესტი პოლონეთთან არსებული პრობლემების მოგვარება იქნება, რომელმაც, ექსპერტების აზრით,  დაარღვია ევროკავშირის ზოგიერთი დემოკრატიული პრინციპი. ამასთანავე თავად პოლონეთს სერიოზული პრობლემები აქვს ბელარუსის საზღვარზე, საიდანაც რუსეთის მოკავშირე ევროპისკენ მიგრანტებს აგზავნის პოლონეთის საზღვარზე არსებული სიტუაციის აშკარა დესტაბილიზაციის მიზნით.

ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებს ტრადიციულად კარგი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან. ისინი  მხარს უჭერენ ისეთ პროექტებს, როგორიცაა, მაგალითად, გაზსადენი Nordstream II. მაგრამ თუ მოსკოვი კიდევ ერთ სამხედრო აგრესიას განახორციელებს უკრაინაში, ეს კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა იქნება გერმანიისა და ოლაფ შოლცისთვის. 

„რაც შეეხება გერმანიის საგარეო პოლიტიკას ჩინეთთან მიმართებით, ანალიტიკოსების აზრით, შოლცის პოზიცია მერკელთან შედარებით უფრო ხისტი გახდება. ვინაიდან პეკინის პოზიცია ბოლო დროს სულ უფრო კონფრონტაციული ხდება, ხოლო გერმანიის ეკონომიკა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ჩინეთის ბაზარზე, ბერლინის პოლიტიკა პეკინთან დაკავშირებით შეიძლება შეიცვალოს და მერკელის დროინდელი ისეთივე მერკანტილური და რბილი აღარ იყოს“, - ამბობენ ანალიტიკოსები.