მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას აპირებენ

ფაშინიანი დელიმიტაციაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ახლოსაა საზღვრის დემარკაციის შეთანხმების ხელმოწერასთან. მისი თქმით, შეთანხმება რუსეთის შუამავლობით უნდა გაფორმდეს. ამის შესახებ azatutyun.am იუწყება.

ამასთანავე, როგორც სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიქაელ მინასიანმა განაცხადა, დემარკაციის და დელიმიტაციის შეთანხმებას სომხეთისთვის კატასტროფული შედეგები ექნება, ვინაიდან ის აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიის გადაცემას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას ნიკოლ ფაშინიანი არ ადასტურებს.

„დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ, სრულად შეესაბამება სომხეთის ეროვნულ ინტერესებს. თუ აზერბაიჯანი ამას დათანხმდება, მეც მას ხელს მოვაწერ“ - განაცხადა ფაშინიანმა.

Armlur.am-ის ინფორმაციით, საზღვრის დელიმიტაციის კომისია 31 მაისამდე უნდა ჩამოყალიბდეს, ხოლო მისი პირველი სხდომა 30 ივნისამდე უნდა ჩატარდეს. ამასთანავე სომხეთის მიერ ტერიტორიების დათმობაზე იქ საუბარი არ მიდის.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, მოსკოვი მზად არის ამ კომისიაში დამკვირვებლის ან კონსულტანტის სტატუსით მონაწილეობა მიიღოს. სომხეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კომისიამ საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ აზერბაიჯანის ძალები სიუნიკის ოლქიდან გავლენ, სადაც ისინი 12 მაისს შევიდნენ.

სომხეთის ბლოგერები არ გამორიცხავენ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ანკლავების გაცვლა მოხდეს, შესაბამის რუკებს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.