
პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე ავტომობილის ძარცვისა და ბენზინის მოპარვისთვის დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქართველებმა ჯერ ავტომობილის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შემდეგ, ლეპტოპი და ზურგჩანთა მოიპარეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიციელები დროულად მივიდნენ. დაზარალებულებთან გასაუბრების შემდეგ მათ დაადგინეს, თუ რა მიმართულებით წავიდნენ დამნაშავეები და რა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდნენ.
პოლიციის განცხადებით, დამნაშავეებმა თავიანთი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერეს, ავზი აავსეს, თუმცა თანხა არ გადაიხადეს.
ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს პოლიცია აედევნა. დევნის დროს ავტომობილი სხვა მანქანას დაეჯახა, დამნაშავეებმა ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა პოლიციამ 2 მათგანი ადგილზევე დააკავა, დანარჩენები კი ერთი დღის შემდეგ.
ყველა დაკავებული 22-დან 36 წლამდე ქართველია. მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.