მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის დასრულდება პანდემია? ოთხი სავარაუდო სცენარი - BBC

ქალი პირბადით ფანჯრიდან იხედება

რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება კორონავირუსის პანდემია, სულ უფრო ხშირად ისმის შეკითხვა - რა იქნება შემდეგ? როდის დასრულდება პანდემია? გახსნიან თუ არა საზღვრებს და შეუშლის თუ არა ამ პროცესს ვირუსის ახალი შტამების წარმოშობა? როდის გაჩნდება ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი და დაუბრუნდება თუ არა მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას იმაზე ადრე, ვიდრე ვირუსისგან ეფექტიანი წამალი შეიქმნება? BBC პანდემიის დასრულების 4 შესაძლო სცენარზე წერს და იმაზე, თუ რომელი მათგანი ეჩვენებათ მეცნიერებს ყველაზე შესაძლებლად.

დაახლოებით ოცდაათი ევროპელი მეცნიერი დასკვნას აქვეყნებს, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს პანდემია მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში.

მთავარი შეკითხვაა - დასრულება თუ არა პანდემია მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში?

ევროპელი ექსპერტების აზრით, ეს სამ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:

1️⃣ რამდენად სწრაფად ჩატარდება ვაქცინაცია როგორც ცალკე აღებულ ქვეყნებში, ასევე, მთელი პლანეტის მასშტაბით?

2️⃣ როგორ მუტაციას განიცდის ვირუსი და რამდენად საშიშია ახალი შტამები (როგორც არსებული, ასევე, მომავალში მოსალოდნელი)?

3️⃣ რამდენად მკაცრად (როგორც აცრილები, ასევე, აუცრელები), შევასრულებთ ხელისუფლების რეკომენდაციებს და რეგულაციებს?

კვლევის ავტორების თქმით, არცერთ სფეროში არსებული მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები რეგულაციების შესრულებას სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ვაქცინის ორივე დოზით დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედია აცრილი და არა მარტო იმიტომ, რომ საკმარისი ვაქცინა არ არის, არამედ იმიტომ, რომ პრეპარატების მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია.

განსაკუთრებით საშიში დელტა შტამი უკვე პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა და ნელ-ნელა სხვა შტამები განდევნა. რაც ყველაზე ცუდია, ვირუსის ამ ვარიანტით კორონავირუსის გადატანილი პირები და სრულად ვაქცინირებული ადამიანები ავადდებიან. შესაბამისად, ამ პირობებში ინფიცირების მატება გარდაუვალია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსოფლიოში ახლა პანდემიის მესამე ტალღის პიკია. ივლისის შუა რიცხვებიდან დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 60%-ით გაიზარდა, 350-დან 655 ათასამდე დღეში.

სტატიის ავტორები წერენ, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რა პრობლემებს ქმნის Covid-19 ადამიანის ჯანმრთელობისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ერთი მხრივ, მეცნიერები ამბობენ, რომ საბოლოოდ ვირუსის დამარცხება შეუძლებელია, ყველა ადამიანი რომც გამოჯანმრთელდეს, კორონავირუსი ცხოველებში დარჩება და მისი მუტაცია საკმაოდ მოულოდნელი ფორმით მოხდება.

მეორეს მხრივ, ძალზე ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, შეიქმნება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი, რომელიც კოვიდის გაჭიანურებულ ფორმას დაამარცხებს, რომელიც ასევე ე.წ. „ხანგრძლივი კორონავირუსის“ სახელით არის ცნობილი.

ოთხი სცენარი

სტატიის ავტორები წერენ, რომ აშშ-ში მასშტაბური ვაქცინაცია მოკლე დროში ნორმალური ცხოვრების დაბრუნების იმედს იძლევა. ამასთანავე, სახეზეა მთავარი პრობლემა, როგორიცაა ვაქცინების არათანაბარი განაწილება, ანტივაქსერები, ვირუსის ახალი შტამების და ინფექციის ტალღები.

პირველი სცენარი - ვირუსის სრული განადგურება (eradication). მისი განხორციელების შემთხვევაში Covid-19 საბოლოოდ მოისპობა, როგორც ეს 50 წლის წინ ნატურალური ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით მოხდა.

ამასთანავე ამ წარმატების განხორციელება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი. იმუნიტეტი უნდა იყოს ხანგრძლივი და მტკიცე, ის როგორც ხელახალი ინფიცირებისგან, ასევე, ინფექციის გადაცემისგან უნდა იცავდეს.

Covid 19-თან დაკავშირებით ამის იმედი საკმაოდ მცირეა. ვირუსის მუტაციის გათვალისწინებით ეს სცენარი ძალზე ამბიციური ჩანს და მასზე ჯანდაცვის სტრატეგიის აგება არასწორი იქნება.

მეორე სცენარი - მეცნიერების აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო რეალისტური სცენარია ინფექციის „განდევნა“, ანუ მასიური ვაქცინაციის და საზღვრების დახურვის გზით კონკრეტულ ქვეყნებში ინფიცირების დონის ნულამდე დაწევა. აქამდე არსებული მსგავსი ფაქტია წითელას ვირუსის დამარცხება, ამ დაავადებისგან ბავშვების ვაქცინაციის შედეგად წითელას ეპიდემია დღეს ძალზე იშვიათად ხდება და ძალზე სწრაფად სიტუაციაზე კონტროლის დამყარებაა შესაძლებელი .

კორონავირუსის შემთხვევაში მსგავსი რამის გაკეთება შესაძლებელი გახდა ავსტრალიაში, ვიეტნამში, ჩინეთში, ახალ ზელანდიაში. იმის გამო, რომ ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაცია ძალზე ცუდად მიმდინარეობს, ვირუსი პლანეტაზე გავრცელებას გააგრძელებს.

მესამე სცენარი - ვირუსთან თანაცხოვრება. ვინაიდან დღეს არსებული ვაქცინები ადამიანს ვირუსის მძიმე ფორმისგან იცავს, ამ პირობებში იმ ქვეყნებში, სადაც ბევრი ვაქცინირებულია, ვირუსი სასიკვდილო აღარ იქნება და ის ფაქტობრივად სეზონურ გაციებას დაემსგავსება.

რა თქმა უნდა, ვირუსი შეიძლება აცრილებსაც შეხვდეს, რადგანაც დროის განმავლობაში ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა მცირდება, ხოლო ვირუსი მუტაციას განიცდის. მაგრამ იმ დროისთვის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე აცრილი იქნება და დაავადების მძიმე ფორმისგან დაცვა შესაძლებელი გახდება.

მეოთხე სცენარი - ვირუსის მასშტაბური გავრცელება. ეს ყველაზე რეალური ვარიანტია, თუ დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აუცრელი იქნება, ვაქცინაზე წვდომის პრობლემის, სამედიცინო უკუჩვენებების, დაბალი იმუნიტეტის ან უბრალოდ ვაქცინაციის სურვილის არარსებობის გამო. ამ შემთხვევაში ვირუსი გავრცელებას და მუტაციას განაგრძობს.

გრძელვადიან პერსპექტივაში მეცნიერების აზრით მესამე სცენარი ყველაზე რეალურია. დღეს კი, როდესაც ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მცირეა, პანდემია მეოთხე სცენარით განვითარდება.

კორონავირუსის ინფექციის მოკლე დროში მოსპობის იმედი არ აქვს აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის პროფესორს, პოლ ჰანტერს. მისი თქმით, ნატურალური ყვავილის გადატანის შემდეგ ორგანიზმში ძლიერი და გრძელვადიანი იმუნიტეტი იქმნება. კორონავირუსის იმუნიტეტი კი 6-9 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად იკლებს. რაც შეეხება ვაქცინებს, ის დაავადების მძიმე ფორმისგან იცავს, მაგრამ ინფიცირებას და ინფექციის გადაცემა მაინც ხდება. ამის არაერთი ფაქტია ცნობილი. უსიმპტომოდ ინფიცირების დროსაც ადამიანს სხვაზე ვირუსის გადადება მაინც შეუძლია.

სწორედ ამიტომ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის უზრუნველყოფა, რისი იმედიც მეცნიერებს პანდემიის დასაწყისში ჰქონდათ, მიუღწეველი აღმოჩნდა.

„მე არ მგონია, რომ ვირუსი გაძლიერდეს და უფრო მომაკვდინებელი გახდეს. დიდი შანსია, რომ ის სეზონური გახდეს და ჩვენ მას ყოველ წელს გადავიტანთ. ასე ფიქრობს ვირუსოლოგთა უმეტესობა“, - განაცხადა ჰანტერმა.

მეხუთე სცენარი

პროფესორი ვირუსოლოგი ადამ ადაში ვარაუდობს, რომ არსებობს მეხუთე - ყველაზე ოპტიმისტური სცენარიც.

„ის შესაძლებელია, თუ მომავალში შეიქმნება ისეთი პრეპარატი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ დღეს არსებულ პრეპარატებზე უფრო ეფექტიანი იქნება ან ექიმები რაიმე სხვა მეთოდით ვირუსის მკურნალობას შეძლებენ“, - ამბობს პროფესორი.

მისი თქმით, აშშ-ის მთავრობა ორი ასეთი პრეპარატის შეძენას უკვე გეგმავს.

„ისინი ახლა ბოლო კლინიკურ კვლევებს გადის. პრეპარატების სახელწოდებაა AZD7442 და MK4482, მათ პანდემიის მიმდინარეობაზე შეიძლება დიდი გავლენა მოახდინონ. შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ანტივირუსული პრეპარატია“ - აცხადებს ადაში.

საგანგებო სიტუაციებში ჯანმოს აღმასრულებელი დირექტორი მაიკ რაიანი შეკითხვაზე როდის დასრულდება პანდემია, ამბობს, რომ ეს მასაც ძალიან აინტერესებს.

„ექიმი პაციენტს სიმართლეს უნდა ეუბნებოდეს, სიმართლე კი ისაა, რომ ეს არავინ იცის“, - აცხადებს რაიანი.

მისი თქმით, პანდემიის დამარცხებაში ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. ჯანმოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს პანდემიაზე კონტროლის დამყარება გახდება შესაძლებელი, თუმცა ამისთვის „გარკვეული იღბალია საჭირო“.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

იცავს თუ არა ვაქცინის მესამე დოზა ახალი შტამებისგან? - Deutche Welle

ასუსტებს თუ არა ფაიზერის ვაქცინა იმუნიტეტს? - DW-ს კვლევა

ექსპერტები შეშფოთებულნი არიან მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის ტემპით