მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი და ბელარუსი თებერვალში ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამართვას გეგმავენ

რუსი სამხედროები

რუსეთი და ბელარუსი თებერვალში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა

„ჩვენ ვგეგმავთ წვრთნების დაწყებას თებერვალში. დანიშნეთ ზუსტი თარიღი და შეგვატყობინეთ, რათა არ დაგვაბრალონ, თითქოს ომში წასასვლელად ვემზადებით“, - განუცხადა ლუკაშენკომ ბელარუსის თავდაცვის მინისტრს. 

გარდა ამისა, ლუკაშენკომ, უკრაინა ბელარუსის მახლობლად ჯარების მობილიზებაში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, პოლონეთსა და ბალტიისპირეთს ბელარუსის საზღვრებთან 30 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავთ. 

ბელარუსის საზღვართან უკრაინული პოლონური და ბალტიისპირეთის ქვეყნების „ჯარების მობილიზაციის“ შესახებ  ლუკაშენკოს განცხადებას კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. 

„ეს არის ზუსტად ის, რაც ამტკიცებს, რომ ჩვენ გვაქვს შეშფოთების საფუძველი და ეს ამტკიცებს, რომ ჩვენ არ ვართ დაძაბულობის ესკალაციის მიზეზი“, - განაცხადა პესკოვმა.

მას სთხოვეს კომენტარის გაკეთება იმის შესახებ, შეეძლო თუ არა რუსეთს რაკეტების განლაგება ვენესუელაში ან კუბაში იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი მოსკოვს უსაფრთხოების გარანტიების ულტიმატუმის შესრულებაზე უარს ეტყოდა. 

პესკოვის თქმით, რუსეთი სხვადასხვა სცენარს განიხილავს. 

„ჩვენ ვსაუბრობთ ლათინური ამერიკის სუვერენულ სახელმწიფოებზე, ეს არ დაგვავიწყდეს და არსებული ვითარების კონტექსტში რუსეთი ფიქრობს, როგორ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს“, - აღნიშნა პესკოვმა.