მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა, ჩინეთმა და საფრანგეთმა გერმანია დაკარგეს - Telegraph

გერმანიის მომავალზე მედიის შეფასება

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მსოფლიო გეოპოლიტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გამოცემის ინფორმაციით, ანგელა მერკელის პარტიასთან ერთად ეს არჩევნები რუსეთმა, ჩინეთმა და საფრანგეთმა წააგო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ და რა სავარძელს დაიკავებს ახალ მინისტრთა კაბინეტში. ფაქტია, რომ ეს ქვეყნები ბერლინის მეშვეობით საკუთარი ინტერესების გატარებას ვეღარ შეძლებენ.

მერკელის მეშვეობით მისი უახლოესი მოკავშირე ევროკავშირის ფარგლებში ემანუელ მაკრონი ფაქტობრივად ყველაფერს იღებდა, რაც სურდა. საერთაშორისო არენაზე კი მერკელი პოლიტიკურ პრინციპებზე მაღლა ბიზნეს-ინტერესებს აყენებდა. ადამიანის უფლებებზე არაფრის მთქმელი საუბრის მიუხედავად, ის ბრიუსელში რუსეთთან დიალოგის განახლებას ლობირებდა, ხოლო მაკრონთან ერთად ჩინეთთან ბიზნეს-კონტაქტებს უწყობდა ხელს.

ანგელა მერკელის გარეშე ნატოსგან და აშშ-სგან სტრატეგიული დამოუკიდებლობის მიღწევა ოცნებად დარჩება. პარიზი-ბერლინის ცენტრის ნაცვლად რაღაცა სხვა ცენტრი უნდა შეიქმნას. ეს ახალი ცენტრი, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მხარდაჭერას მიიღებს, მათ კი მოსკოვთან და პეკინთან ბევრად ცუდი ურთიერთობები აქვთ.

როგორც Telegraph წერს, მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ ჯერ კიდევ ინარჩუნებს კოალიციის შექმნის შანსს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მერკელის პოლიტიკის გაგრძელებაზე საუბარი ზედმეტია. კოალიციაში აუცილებლად შევლენ „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“, რომლებიც პუტინს და სი ძინპინს ბოლო წლებში აქტიურად უცხადებდნენ უნდობლობას და მერკელს მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულებისთვის აკრიტიკებდნენ.

„იმის მიუხედავად, რომელი მესამე პარტია შევა კოალიციაში, რუსეთმა, ჩინეთმა და საფრანგეთმა გერმანია დაკარგეს“ - წერს Telegraph.