მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი ჰგავს გენერალს, რომელიც ომის ნაცვლად ქორწილში სადღეგრძელოების სათქმელად გააგზავნეს - სერგეი გაიდაი

გაიდაი სააკაშვილზე

„სააკაშვილს არ სურდა, რომ უკრაინაში საქორწილო გენერალი გამხდარიყო“, - ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში სერგეი გაიდაიმ ტელეკომპანია UKRLIFE-ის ეთერში განაცხადა.

„ხომ იცით, ვინ არის საქორწილო გენერალი. ანუ აი, წარმოიდგინეთ, საბრძოლო გენერალს, რომელმაც მანამდე ომი მოიგო, უშვებენ ახალი ბრძოლის მოსაგებად და ეუბნებიან - მიშა, ჩვენ ფრონტს მოგცემთ და გააკეთე იქ რაც გინდა, ჩვენ გამარჯვება გვჭირდება. ის იჯერებს და ჩადის უკრაინაში. იქ კი აღმოაჩენს, რომ ფრონტზე კი არ უშვებენ, არამედ ეუბნებიან - აქ რამდენიმე ქორწილი გვაქვს და იქ სადღეგრძელო თქვი, რა. როდესაც მან დაინახა, რომ სადღეგრძელოების გარდა არაფერს სთავაზობენ, ომს კი აგებენ, თანაც ომი ჩუმად მიმდინარეობს, მან „ქორწილში“ ჩხუბი მოაწყო - ანუ ჩხუბი პოროშენკოსთან. გასაგებია, რომ მან ბევრი რამე დაკარგა, რადგანაც უბრალო ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოაწყოს გენერალმა ჩხუბი ქორწილში - ეს საკმაოდ ცუდად გამოიყურება.

ანუ ჩამოვიდა, სტუმარი იყო, თითქოს კარგად ჩანდა ყველაფერი და უცებ სცემა ნახევარ ქორწილს. ტრაგედია კი იმაშია, რომ არც მეორე ხელისუფლებას ფრონტზე მისი გაშვება არ უნდოდა. და იმანაც ქორწილი მოუწყო. პირველ ასეთ „ქორწილს“ ერქვა ოდესის გუბერნატორობა უფლებამოსილების გარეშე, უფრო სწორად, ოფიციალურად უფლებამოსილება კი ჰქონდა, მაგრამ როდესაც მათ რეალიზებას ცდილობდა, ამაში ყველანაირად ხელს უშლიდნენ.

როდესაც სააკაშვილმა დაინახა, რომ პოროშენკო და მისი გუნდი არის იმიტაცია, რომ ისინი ყველა კორუფციულ სქემას ინარჩუნებენ, და თავადაც არის ამ სქემების მონაწილე, მან ეს ჩხუბი მოაწყო, ჩხუბის შესახებ ზევით გაიგეს, რის შემდეგ მას მოქალაქეობა წაართვეს, რესტორანში დააპატიმრეს, რასაც მეც ვესწრებოდი და წაიყვანეს პოლონეთის საზღვარზე. ეს ოპერაცია, რომელსაც პოროშენკომ „იდეალური“ უწოდა, სინამდვილეში ყველა საერთაშორისო ნორმის და უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა. და შემდეგ, უკვე ზელენსკის დროს, მას ისევ ქორწილში დაუძახეს, მაგრამ მიშას უკვე იქ ჩხუბის ატეხა აღარ სურდა, რადგანაც ეს მისთვის დიდი მინუსი იქნებოდა. ამიტომ შემდეგ გადაწყვიტა საქართველოში წასვლა - ასევე საბრძოლველად“, - ამბობს სერგეი გაიდაი.

ექსპერტის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, მაგრამ როგორც ადამიანი, ის ძალიან რთულია.

„მასთან მეგობრობა, ურთიერთობა პრაქტიკულად, შეუძლებელია. მან ერთხელ სცადა საქართველოში - და ეს გამოუვიდა. მაგრამ ჯერ ხომ საკმაოდ ახალგაზრდაა და იგივე უნდა გააკეთოს უფრო დიდ ქვეყანაში - უკრაინა ამ მხრივ მისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი პროექტი იყო. ის სულ ამბობდა, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც რესურსები არ აქვს და რომელიც ორ მტრულ ქვეყანას შორის მდებარეობს - ეს გარკვეული გეოგრაფიული ჩიხია. იქ ძალიან რთულია რამის გაკეთება. უკრაინა კი არის უზარმაზარი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა. მას შეუძლია რეგიონის ლიდერი გახდეს, აქ უზარმაზარი რესურსებია. მაგრამ ამისთვის მიშას უკრაინაში ძალაუფლება სჭირდებოდა, მას კი ამის შესაძლებლობა არც ერთხელ არ მიეცა“, - განაცხადა გაიდაიმ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „გულის უეცარი გაჩერება, რიტმის დარღვევა, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა“ - რა შეიძლება დაემართოს მიხეილ სააკაშვილს?

🔴 მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

🔴 სააკაშვილი არახამიაში უნდა გავცვალოთ - დიმიტრი სპივაკი

🔴 „თანახმა ვარ მედიკამენტოზურ ჩარევაზე“ - მიხეილ სააკაშვილი