მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის გამო რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები გაფუჭდა - ლავროვი

ლავროვი ნატოზე და სააკაშვილზე

„მოსკოვის და ნატოს ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2008 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალზე თავდასხმის ბრძანება გასცა“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ლავროვის თქმით, რუსეთი მაშინ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის მოწვევას მოითხოვდა, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა კატეგორიული უარი განაცხადა.

„ამ საბჭოს შექმნის დროს ფუძემდებლურ აქტში იყო მითითებული, რომ მან ნებისმიერ ამინდში უნდა იფუნქციონიროს. არც ევროკავშირთან არც ნატოსთან ურთიერთობების გაუარესება ჩვენ არ დაგვიწყია“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვს მიაჩნია, რომ სწორედ ნატომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს.

18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ნატოში მუდმივი წარმომადგენლობის მუშაობა შეაჩერა, მათ შორის აღარ იმუშავებს რუსეთის სამხედრო წარმომადგენელი ალიანსში. მოსკოვში კი ნატოს საინფორმაციო ბიუროს და მოსკოვში ნატოს კავშირგაბმულობის მისიის საქმიანობა შეჩერდა. მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 6 ოქტომბერს ნატოში რუსეთის 6 თანამშრომლის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ეს პირები რუსეთის საზღვარზე მუშაობდნენ და ამის შესახებ ნატოს ოფიციალურად არ ეცნობა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „სააკაშვილი დასავლეთისთვის ისეთივე მახათია უკანალში, როგორც ჩვენთვის“ - რუსულ ტელევიზიაში სააკაშვილს გადაცემა მიუძღვნეს

🔴 სააკაშვილს ციხეში „ლომკა“ აქვს - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ“ - ირაკლი ქადაგიშვილი

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის

🔴„დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში“ - მეუფე ნიკოლოზი