მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის მიერ არჩევნების შემდეგ შიმშილობის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ განიხილება - ლიზა იასკო

ლიზა იასკო სააკაშვილის შიმშილობაზე და არჩევნებზე

მიხეილ სააკაშვილის მომავალი მოქმედება დამოკიდებულია არჩვენების შედეგებზე, ხალხის მიერ პროტესტის გაგრძელებაზე და სხვა ფაქტორებზე. ამ ეტაპზე მის მიერ არჩევნების შემდეგ შიმშილობის შეწყვეტის საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ ტელეკომპანია „კიევის“ ეთერში უკრაინის უმაღლესი რადის წევრმა ლიზა იასკომ განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე თავად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.

„ახლა ვრცელდება ბევრი ფეიკი და დეზინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ანუ საუბრობენ იმაზე, რომ ის სინამდვილეში არ შიმშილობს, ის კარგად გრძნობს თავს, რაც, ბუნებრივია, ტყუილია“, - ამბობს ლიზა აისკო.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ სჯობდეს მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩაიგდოს, ლიზა იასკო პასუხობს, რომ ეს ბრძოლის ნაწილია უსამართლობის წინააღმდეგ.

„ის იბრძვის უსამართლო გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, იბრძვის სასამართლოს აბსურდული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ და სწორედ შიმშილობა არის პროტესტის, ბრძოლის ფორმა, რომლის გამოყენებაც მას შეუძლია ამ პირობებში. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ის დავიცვათ, როგორც უკრაინის მოქალაქე. საქართველოს ხელისუფლება ახლა აცხადებს, რომ ის არ არის მზად, რომ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს და არანაირ შეწყალებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ვფიქრობ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ატეხილი სერიოზული პროპაგანდის ნაწილი. ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დასრულდება არჩევნები, რას მოიმოქმედებს ხალხი და როგორ გაგრძელდება ბრძოლა“, - ამბობს ლიზა იასკო.

წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, ლიზა იასკო აცხადებს, რომ ასეთი ვარიანტი ამ ეტაპზე არ განიხილება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად სააკაშვილი მიიღებს.

მისივე თქმით, რაც შეეხება არჩევნებს, დაახლოებით ცნობილია, თუ როგორ დასრულდება არჩევნები, რადგანაც არსებობს მათი ფალსიფიკაციის სერიოზული საფრთხე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს