უცხოეთი

საქართველოში ეროვნულმა უმცირესობებმა სახელმწიფო ენა არ იციან - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოზე
1626102210
დაკოპირებულია

რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებები სათანადოდ დაცული არ არის. კერძოდ სომეხი და აზერბაიჯანული ეროვნების ადამიანების მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მინიმალურია, რაც ქართულ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას აფერხებს. ანგარიშის სახელწოდებაა „ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ“. ინფორმაციას mid.ru ავრცელებს.

„საქართველოს კანონმდებლობით რეგიონული ნიშნით პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნა აკრძალულია. ეროვნულმა უმცირესობებმა ცუდად იციან სახელმწიფო ენა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ენის სასწავლებლად შესაბამის პირობებს არ ქმნის. ქართული ენის არცოდნა სახელმწიფო უწყებებში სამსახურის დაწყებას აფერხებს. ასევე ენის ცოდნა აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარებისას. იმის გამო, რომ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია ვერ ხერხდება, და სხვა მიზეზების გამო სამცხე-ჯავახეთის სომხური სათვისტომო ავტონომიას მოითხოვს, ხოლო ქვემო ქართლის აზერბაიჯანელი მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებაში ფართო წარმომადგენლობას მოითხოვს. იქ ყველა მმართველ თანამდებობას ქართველები იკავებენ. საქართველოს ხელისუფლება კი ამ მოთხოვნებს არ იზიარებს და მას სეპარატისტულ მოწოდებებს უკავშირებს“, - წერია ლავროვის უწყების ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ ქართული მედიის მხრიდან სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე ზეწოლის ფაქტები სულ უფრო ხშირი გახდა. სომხური ტაძრები კი რამდენჯერმე ვანდალების თავდასხმის ობიექტი გახდა. „ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა საქართველოში ეროვნული უმცირესობების მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს. ქართულ საზოგადოებაში ეროვნული უმცირესობების მიმართ უნდობლობაა შენარჩუნებული. უმცირესობებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემის განხილვის დროს კი ამ საკითხის პოლიტიზება ხდება“, - წერია ანგარიშში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში, ასევე, საქართველოში მედიის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი.