უცხოეთი

სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად აზერბაიჯანისთვის შეთავაზებული ექვსი პუნქტი გამოაქვეყნა

სომხეთის რესპუბლიკის დიდმა ელჩი
1652557857
დაკოპირებულია

სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა ედმონ მარუკიანმა გამოაქვეყნა 6 პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს შესთავაზა სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, - ამის შესახებ სომხური მედია ედმონ მარუკიანზე დაყრდნობით იტყობინება

მისი თქმით, პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარე პასუხობს აზერბაიჯანული მხარის წერილს, რომელიც მათ 11 მარტს გადაეცათ.

მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხეთის რესპუბლიკას არასოდეს ჰქონია და არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ.

„როგორც გახსოვთ, იქ აზერბაიჯანი ამბობს, თქვენ არ უნდა გქონდეთ ტერიტორიული პრეტენზია ჩვენ მიმართ. ჩვენ კი ვამბობთ, მომისმინე, ძმაო, შენ მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს და არ გვქონია. თავდაპირველად, სომხეთის ყველა ხელისუფლება ყოველთვის აცხადებდა, რომ ჩვენ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს.

მასში ნათქვამია, რომ 1991 წლის 8 დეკემბერს, დსთ-ის შექმნის შესახებ აზერბაიჯანთან ერთად შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთმა ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა 1992 წლის 18 თებერვალს. ანუ, იმ დროს, როდესაც ხელი მოვაწერეთ, ამ სტრუქტურაში გაწევრიანებით ჩვენ ორმხრივად ვაღიარეთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები“, - განმარტა მარუკიანმა.

ედმონ მარუკიანის განცხადებით, მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემის, ასევე, მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხები.

ელჩმა დასძინა, რომ მე-4 პუნქტში სომხური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვარს და 2021 წლის 26 ნოემბრის განცხადებებში დაფიქსირებულ ვალდებულებებს.

„და რა არის ეს ვალდებულებები - სამხედრო ტყვეების დაბრუნება, გზების განბლოკვა, რასაც აზერბაიჯანი აჭიანურებს“, - განაცხადა მარუკიანმა და დაამატა, რომ სომხური მხარე ამ პუნქტით განმარტავს, რომ იგი აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას, ხოლო აზერბაიჯანი - არა.

მე-5 პუნქტში ნათქვამია, რომ სომხური მხარე მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ გაეროს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამოქალაქო-პოლიტიკური პაქტის საფუძველზე.

„ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც არსებობს თავიდანვე. ანუ, ერების თვითგამორკვევის უფლება და სხვა მნიშვნელოვანი უფლებები და თავისუფლება აქ არის დაფიქსირებული“, - განმარტა მარუკიანმა.

სომხური მხარე მე-6 პუნქტის შესახებ იტყობინება, რომ შესაბამისი მოლაპარაკებებისთვის სომხეთმა ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებს მიმართა.