მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტალინის შვილთაშვილი მის გადასვენებას მოითხოვს

სტალინის გადასვენების შესაძლებლობა

საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის შვილთაშვილმა სელიმ ბენსაადმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიმართა, რათა სტალინის გადასვენება მოხდეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.  

ბენსაადი ამტკიცებს, რომ სტალინის ანდერძის მიხედვით, ის  ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე უნდა დაესაფლავებინათ თავისი მეორე ცოლის ნადეჟდა ალილუევას გვერდით. გარდა ამისა, ბენსაადი სტალინის ნეშტის ექსჰუმაციასაც მოითხოვს, რათა შემოწმდეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სტალინი მოწამლული იყო.

სელიმ ბენსაადი წერს, რომ მან რუსული ეკლესიის წინამძღვარს იმიტომ მიმართა, რომ მისი დიდი ბაბუა ძალზე მორწმუნე ადამიანი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ სურს რუსეთის პრეზიდენტს ხატი გადასცეს, რომელიც თითქოს სტალინს ეკუთვნოდა.

სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა და მისი ცხედარი მავზოლეუმში მოათავსეს. 1961 წელს კი ნიკიტა ხრუშჩოვის დროს სტალინის ნეშტი კრემლის კედელთან დაასაფლავეს.

სელიმ ბენსაადის ბაბუა იაკობ ჯუღაშვილი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა. იაკობის შვილი, გალინა ალჟირის მოქალაქეს ჰოსინ ბენსაადს გაჰყვა ცოლად, სელიმი მათი შვილია. რამდენიმე ხნის წინ მან დაწერა წიგნი „სტალინის ოჯახის საიდუმლო“.