მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი - მოსკოვის რეისი თავად Georgian Airways-მა გააუქმა - „როსავიაცია“

აირზენას თვითმფრინავი

„როსავიაციას“ თბილისი-მოსკოვის ავიარეისის  შესრულების ნებართვა არ გაუუქმებია. ეს გადაწყვეტილება თავად Georgian Airways-მა მიიღო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

„როსავიაციამ“ 2022 წლის 28 იანვრისთვის Georgian Airways-ს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისის შესრულების ნებართვა მისცა და ის არ გაუუქმებია. რეისის გაუქმების გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ დამოუკიდებლად მიიღო“, - აცხადებენ „როსავიაციაში“.

მანამდე ავიაკომპანია Georgian Airways-ში განაცხადეს, რომ თბილისი-მოსკოვის პირდაპირი ჩარტერული რეისი, რომელიც 28 იანვარს უნდა შემდგარიყო, გააუქმა, თუმცა თვითმფრინავი მოსკოვში ტრადიციულად, ერევნის გავლით გაფრინდა.  

Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ რეისის გაუქმების გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ მიიღო. მან მოსკოვის გადაწყვეტილება აჟიოტაჟით ახსნა, რომელიც თბილისში აღნიშნულმა საკითხმა გამოიწვია.

ცნობისთვის, 26 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად 28 იანვარს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა შესრულდებოდა. როგორც კომპანიაში Pia.ge-ს განუცხადეს, ფრენა ერთჯერადად სრულდება,  თუმცა, მოგვიანებით, „ჯორჯიან ეარვეისმა“ განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გაუქმდა.

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთმა თბილისში შექმნილი აჟიოტაჟი გაითვალისწინა და ფრენაზე ნებართვა გააუქმა:

„პირველ რიგში, მიზეზი ზედმეტი აქტიურობაა. მილიონი ჩარტერული რეისი ინიშნება და ამდენი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. ამ აჟიოტაჟმა თავისი როლი შეასრულა და გაუქმდა ნებართვა ამ რეისის შესრულებაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო. ეს ნებართვა რუსეთმა გააუქმა. ყურადღება ზედმეტად მიიპყრო, დაიწყო საუბრები „რუსეთში რეისი სრულდება“ და ამან ითამაშა დიდი როლი. რუსეთმა შექმნილი აჟიოტაჟი გაითვალისწინა. ჩემი აზრი ასეთია“, - განაცხადა გაიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების შემდეგ შეჩერდა. ავიამიმოსვლის შეჩერებას წინ  უძღოდა ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.