მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალდიდობამ მოიცვა საბერძნეთი - ათენში ასობით სახლი დაიტბორა (ფოტოკოლაჟი)

წყალდიდობა საბერძნეთში

ძლიერმა ქარიშხალმა და წყალდიდობამ მთელი საბერძნეთი მოიცვა. ათენში დაიტბორა ასობით სახლი, ასევე, კუნძულ ევიაზე, რომელიც ამ ზაფხულს გაჩენილმა ხანძარმა დააზარალა, ადგილობრივთა ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

მაშველები, ასევე, მზად იყვნენ ვერტმფრენების გამოყენებით რამდენიმე რეგიონში დატბორილი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანისათვის.

„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საშიში ამინდის ფენომენის წინაშე ვდგავართ, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ძალზე სერიოზულია“, - განაცხადა სტილიანიდესმა, ყოფილმა ევროკომისარმა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვაში.

ქარიშხალმა დააზარალა საბერძნეთის სხვა რაიონებიც, რამაც გამოიწვია გადაადგილების შეფერხება და გზების ჩაკეტვა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სახანძრო სამსახურმა დედაქალაქში მოსახლეობისაგან მიიღო 300 -ზე მეტი ზარი. დატბორილ გზებზე ათობით მანქანა იყო ჩაძირული, რის გამოც ხალხი იძულებული გახდა ადგილზევე დაეტოვებინათ მანქანები.

ძლიერმა ნალექმა, ასევე, შეაფერხა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება, მაგრამ ათენის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები არ შეჩერებულა. მთავრობამ მოუწოდა ხალხს, „მოერიდონ არასაჭირო გადაადგილებებს და იმ ადგილებს, რომლებიც დატბორილი იყო ან შესაძლოა დაიტბოროს“.

სკოლები ათენში, ევიაზე, სალონიკში და ჩრდილოეთ საბერძნეთის რეგიონში 15 ოქტომბერს დაიხურა.