მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა სურს, მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვას“ - ალექსეი იაკუბინი

ალექსეი იაკუბინი

„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სწორი იქნებოდა, თუ ის უკრაინის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, რათა შექმნილი სიტუაციის გამო უკრაინას პრობლემები არ შეუქმნას“, - ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა ალექსეი იაკუბინმა უკრაინის პირველი დამოუკიდებელი არხის ეთერში განაცხადა.

„ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას და მიხეილ სააკაშვილის სხვა მომხრეთა განცხადებები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, ასე თუ ისე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც უკრაინის ხელისუფლების პოზიცია. ასე რომ, თუ სააკაშვილს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მონაწილეობა სურს, კეთილი ინებოს და უკრაინის მოქალაქეობაზე თქვას უარი. მერე კი ბატონო, გააკეთოს საქართველოში რაც სურს“, - ამბობს იაკუბინი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იცოდა თუ არა უკრაინის ხელისუფლებამ იმის შესახებ, რომ სააკაშვილი საქართველოში მიდიოდა, ექსპერტი პასუხობს, რომ სავარაუდოდ არა, არ იცოდა.

„ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამის შესახებ ზუსტად არ იცოდა. სააკაშვილი ფაქტობრივად არალეგალურად გავიდა უკრაინიდან და არალეგალურად შევიდა საქართველოში. ეს იყო მის მიერ დაგეგმილი ავანტიურა. მისი მოქმედებები შეიძლება აიხსნას იმით, რომ სურდა საქართველოს აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში დაბრუნება, საიდანაც ბოლო დროს ამოვარდნილი იყო.

ბოლო დროს აშკარად გამოჩნდა, რომ მას არა უკრაინის, არამედ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში სურს ჩართვა. მიუხედავად იმისა, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე, ჩვენ უკრაინის ოფიციალური პირებისგან, მე ვგულისხმობ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის საგარეოს საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ აქტიურობას ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, მხარდაჭერის ლოზუნგებით გამოდიან ზოგიერთი დეპუტატები, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე მე ულტიმატუმური ხასიათის მოთხოვნები არ მომისმენია. ანუ, უკრაინა საკუთარ მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს საკონსულოს ხაზით ყველა აუცილებელ სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენს. ეს არის, რის გაკეთებასაც კიევი აპირებს“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში საკუთრი ნებით წავიდა.

„მან ხომ მშვენივრად იცოდა, რომ მას საქართველოში დააკავებდნენ. ახლა ხშირად ადარებენ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლას საქართველოში და ალექსეი ნავალნის დაბრუნებას რუსეთში. ჩემი აზრით, ეს სხვადასხვა ამბავია. ნავალნი რუსეთში ტრაილერის მაცივრით არ ჩასულა, თანაც ის რუსეთის მოქალაქეა. სააკაშვილი კი საქართველოს მოქალაქე არ არის. ის უკრაინის მოქალაქეა და ეს სულ სხვა სიტუაციაა. ამ დღეებში იყო დიდი პარტიული მიტინგი თბილისის ცენტრში და ზოგს ეს მაიდანი ეგონა. არა, ეს იყო პარტიული მიტინგი და სააკაშვილთან არსებული სიტუაციის გამოყენება ხდება პარტიის მიერ წინასაარჩევნო საკითხში, რადგანაც საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურია, მათ შორის თბილისშიც, იქ მერს ირჩევენ. ასე რომ სააკაშვილის პარტიამ, ბუნებრივია, ხალხის მობილიზება მოახდინა. რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, მას სააკაშვილი მაინც და მაინც აღარ აინტერესებს, საქართველოს მესია არ სჭირდება. მას სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტები, ისევე, როგორც უკრაინას, სხვათა შორის“, - განაცხადა იაკუბინმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, იაკუბინი ამბობს, რომ უკრაინამ სწორედ ის პოზიცია უნდა დაიკავოს, რაც ბოლო დღეებში აქვს არჩეული.

„უკრაინამ შეიძლება უზრუნველყოს სააკაშვილისთვის სამართლებრივი დახმარება, როგორც უკრაინის მოქალაქისთვის, მაგრამ ფსონზე არ უნდა დავაყენოთ საქართველოსთან ურთიერთობები. რაც შეეხება არახამიას პოზიციას, რომელიც მიშას გათავისუფლებას ითხოვს, ეს მისი პირადი პოზიციაა, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის ფრაქციის, „ხალხის მსახური“ ლიდერია უკრაინის უმაღლეს რადაში. იცით რატომ არ აკეთებს უკრაინის ხელისუფლება ხმამაღალ განცხადებებს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით? იმიტომ, რომ თბილისს შეუძლია თქვას: როდესაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, ის უკრაინის მოქალაქე იყო, ანუ ეს რა არის, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა? ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ და ამიტომაც ვამბობ, რომ სიტუაცია ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით და სიტუაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს სულ სხვადასხვა ისტორიებია“, - ამბობს ალექსეი იაკუბინი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ამავე თემაზე:

🔴 კანცელარიასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს - 2 პირი დააკავეს

🔴 „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსახილველად დღეს კონსილიუმი შეიკრიბება“ - ეკატერინე ტიკარაძე

🔴 დღეს სააკაშვილი აპირებს სიმულაციას, თითქოს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მოითხოვს საავადმყოფოში გადაყვანას - დავით ქართველიშვილი