მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უნგრეთში ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება

რეფერენდუმი უნგრეთში

ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რასაც ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რეფერენდუმი გაიმართება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

უნგრეთის ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებს ევროკავშირის ხელმძღვანელობა აპროტესტებს, ისინი აცხადებენ, რომ ახალი კანონი ლგბტ საზოგადოების დისკრიმინაციას იწვევს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კი ევროკავშირი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კანონი ბავშვთა უფლებების დაცვას და პედოფილიის პრევენციას ემსახურება. „სასწორზე ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებაა და ამ საკითხში უკან ვერ დავიხევთ“, - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთში მიღებული კანონის გამო, რომელიც ბავშვებში და მოზარდებში ლგბტ პროპაგანდას კრძალავს, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელმა ბუდაპეშტს სასამართლოში უჩივლა.

კანონის მიხედვით, სკოლის სახელმძღვანელოებში, საბავშვო ტელეგადაცემებში, ჰომოსექსუალიზმის, სქესის შეცვლის და სხვა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება იკრძალება. ეს აკრძალვა არასრულწლოვნებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ეხება. „კანონი ბავშვთა უფლებებს იცავს, მშობლების უფლებებია გარანტირებული და ის 18 წელზე უფროსი ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას არ ეხება. შესაბამისად დისკრიმინაციის ელემენტებს არ შეიცავს“ - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ.

ახლა ევროკომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უნგრეთში მიღებული კანონი ევროკავშირის კანონებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე იქ აღნიშნულია, რომ კანონი სიტყვის და ინფორმაციის თავისუფლებას, ადამიანურ ღირსებას, პირადი ცხოვრების პატივისცემას არღვევს და დისკრიმინაციულ ელემენტებს შეიცავს.

უნგრეთის მთავრობას პასუხისთვის ორთვიანი ვადა მიეცა. თუ უნგრეთი კანონმდებლობას არ შეცვლის საქმე, შესაძლოა, ლუქსემბურგის სასამართლოს გადაეცეს.

უნგრეთში მიღებულ კანონთან დაკავშირებული სკანდალი იქამდეც კი მივიდა, რომ ევროკავშირის სამიტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელს ვიქტორ ორბანს ევროკავშირიდან გასვლაც კი შესთავაზა. საპასუხოდ ორბანმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს კოლონიზატორები უწოდა და განაცხადა, რომ „მათ სურთ უკარნახონ უნგრეთს თუ რა კანონები მიიღოს და როგორ მოიქცეს“.