უცხოეთი

ვისაც ვაქცინაცია არ სურს, ძილში უნდა ავცრათ - ფილიპინების პრეზიდენტი

დუტერტე ვაქცინაციაზე
1634049410
დაკოპირებულია

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურს, ის ადამიანები ძილში უნდა აიცრნენ. ამის შესახებ CNN იუწყება.

„ის, რომ გარკვეულ ადამიანებს აცრა არ სურთ, ეს სერიოზული პრობლემაა. მოძებნეთ ისინი თქვენს დასახლებაში, თქვენს სოფელში, მივიდეთ იქ და ვაქცინა ძილში გავუკეთოთ. პირველი ამას მე გავაკეთებ“, - ამბობს დუტერტე.

ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. ის მხოლოდ პაციენტის ნებართვის შემთხვევაში კეთდება.

ფილიპინებში ვაქცინაცია 2021 წლის 1-ელ მარტს დაიწყო. მანამდე კი დუტერტემ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, რომ ფილიპინების მთავრობამ ვერცერთი კომპანია ვერ ნახა, რომელიც მას ვაქცინას მიჰყიდის.

ამ დროისთვის 100-მილიონიან ფილიპინებზე ვაქცინის ორჯერადი დოზა 23,1 მილიონმა ადამიანმა მიიღო.